Gianluigi Donnarumma of PSG in action during the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD7 match between Paris Saint-Germain and Manchester City...– „პარი სენ ჟერმენი’’ სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებდა, ჯიჯოს კი ისე უნდოდა დარჩენა, რომ გადავწყვიტეთ ხელფასის შემცირებასაც დავთანხმებოდით. მერე კლუბმა თამაშის წესები შეცვალა. მაშინ ჩვენ მოლაპარაკებები შევწყვიტეთ და შევუთანხმდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე შევხვდებოდით ერთმანეთს… როდესაც კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ისევ მივუსხედით მაგიდას, კლუბის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მათ მიერ წამოყენებული პირობები არ შეიცვლებოდა, მე კი ვუპასუხე, რომ ჯიჯოს დარჩენა სურდა, – ეს ჯანლუიჯი დონარუმას აგენტის ენცო რაიოლას სიტყვებია. მან სცადა გულშემატკივრებისთვის განემარტა, თუ რატომ ვერ შეძლეს პარიზულმა კლუბმა და იტალიელმა მეკარემ თანამშრომლობის გაგრძელება. შეგახსენებთ, რომ დონარუმას და პსჟ-ს აქამდე არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის ივნისში ეწურება.

„პარი სენ ჟერმენმა’’ კი „პარიზიენთან’’ საუბარში რაიოლას მონაყოლს სიცრუე უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ყველაფრის მიზეზი მეკარის სიხარბე იყო. ადამიანმა, რომელიც ყველაფრის საქმის კურსშია, მაგრამ რომლის სახელსაც გაზეთი არ ასაჯაროებს, თქვა: „დონარუმას კლუბმა ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. ის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად დარჩებოდა, მაგრამ მას მეტი უნდოდა. მაშინ, ლუის ენრიკემ თქვა: კეთილი, თუ ასეა სხვანაირად განვაგრძოთ ცხოვრება’’.

კლუბის ვერსიით, თავიდან პარიზელების ესპანელ მწვრთნელს უნდოდა, რომ მისი გუნდის მთავარი მეკარე ისევ იტალიელი ყოფილიყო, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები მეტისმეტად გართულდა, გადაწყვიტა საკითხი დაეხურა, ისტორიის წიგნი გადაეფურცლა და ისეთი ახალი მეკარე მოეძებნა, რომელიც მის მოთხოვნებს დონარუმაზე უკეთ შეესაბამებოდა. ასე შეირჩა „ლილის’’ გოლკიპერი ლუკა შევალიე, რომლეშიც პსჟ-მ ბონუსების ჩათვლით 55 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

ახლა, როგორც რაიოლას ასევე პარიზელებს დონარუმასთვის ახალი კლუბი ჰყავთ მოსაძებნი. ამბობენ, რომ ეს „მანჩესტერ სიტია’’.