Giorgi Mamardashvili and Enes Unal during La Liga match between Getafe CF and Valencia CF at Coliseum Alfonso Perez on March 12, 2022 in Getafe,...როგორც ჩანს, „ვალენსია” ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამედ ვერ გავა, რაც კლუბის შემოსავალზე სეროზულად აისახება. 60 მილიონ ევროს მარტო ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა მოიტანდა, მის გარეშე კი სპორტული შეჯიბრებებიდან მიღებული შემოსავალი 5,9 მილიონამდე მცირდება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მომავალ სეზონშიც დაახლოებით იგივე სურათია მოსალოდნელი.

ამის მიუხედავად, ხოსე ბორდალასის გუნდისთვის ლა ლიგის დარჩენილ ხუთ ტურს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კლუბები სატელევიზიო ტრანსლაციებით მიღებული ფულის ნაწილს ცხრილის მიხედვით გაინაწილებენ.

superdeporte.es წერს, რომ ტელეთანხის 25 პროცენტი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ადგილზე გადიოდა ესა თუ ის გუნდი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში; დარჩენილი 50 პროცენტი თანაბრად, ხოლო 25 პროცენტი სოციალური ასპექტის (აბონემენტები და სხვა) მიხედვით განაწილდება.

თუ გავიხსენებთ, რომ გასულ სეზონში ლა ლიგამ პირველი დივიზიონის კლუბებს 1 444,7 მილიონი ევრო გაუყო და ახლაც ამ თანხიდან ვიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ „ვალენსია” მე-8 ადგილზე გასვლის შემთხვევაში 2,52 მილიონი ევროთი მეტს მიიღებს, ვიდრე მე-15 ადგილზე გასვლის შემთხვევაში. დღეს „ღამურები” 42 ქულით მეათე პოზიციაზე არიან და თუ ასე დარჩებიან, ბიუჯეტს 3,47 მილიონს შეჰმატებენ.

ამჟამად მერვე ადგილზე „ბილბაოა”. მას 48 ქულა აქვს და ჩემპიონატი ახლა რომ დამთავრდეს, ბასკები 4,41 მილიონს მიითვლიან.

ზემოთ ვთქვით, რომ მთელი თანხის 25 პროცენტი ბოლო ხუთი სეზონის შედეგებზეა დამოკიდებული, მაგრამ არ გვითქვამს, რომ ამ თანხის 35 პროცენტი წლევანდელი ადგილის მიხედვით დაითვლება.

შარშანდელი ჩემპიონატი 20 პროცენტად ფასდება და რაკი „ვალენსია” მე-13 ადგილზე იყო, ეს თანხა ფულში 1,44 მილიონი გამოდის.

დანარჩენი სამი სეზონი კი თითო 15 პროცენტად ფასდება. „ღამურებმა” იმ წლებში ერთხელ მეცხრე, ხოლო ორჯერ მეოთხე ადგილი დაიკავეს და შესაბამისად მიიღებენ 1,62; 5,9 და 5,9 მილიონ ევროს.

ამ თანხებს დაემატება ყველასთვის ტოლი 36 მილიონი.

როგორც მოგახსენეთ, მთელი თანხის 25 პროცენტი სოციალური ასპექტების მიხედვით განაწილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ „ვალენსია” დარჩენილ შეხვედრებში ცუდად გამოვა და გულშემატკივრებს ოპტიმიზმს არ გაუჩენს, შემცირდება „მესტალიაზე” გაყიდული აბონემენტების რაოდენობა, რაც წლეულს 31 533-ს უდრიდა. აგრეთვე შემცირდება ტელემაყურებლის რაოდენობა.

გასულ სეზონში „ვალენსიას” ტელე შემოსავალი 73,3 მილიონი ევრო ყოფილა. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სატელევიზიო უფლებები CVC-თან შეთანხმების 10 პროცენტად არის გათვალისწინებული.