ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ტიტულის დაცვას განაგრძობს – ლუის ენრიკეს გუნდმა მეოთხედფინალის მეორე შეხვედრაც პირველის მსგავსად 2:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ორივე გოლი ოსმან დემბელემ გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც ცხადია ის დაასახელეს. საინტერესოა, რომ ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა დემბელეს მსგავსად პარიზელთა მეკარეს მატვეი საფონოვსაც 8 ქულა დაუწერა, მაგრამ გოლი გოლია!

ხვიჩა კვარაცხელიას maxifoot-მა 6 ქულა დაუწერა და ასეთი ტექსტი მოაყოლა: „პირველ შეხვედრაში ბრწყინვალედ მოთამაშე პარიზელი გარემარბი სამშაბათსაც მუდმივ შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გარღვევები იყო ინტენსიური. ის თანაგუნდელებს დაუღლელად ეხმარებოდა დაცვაში, ასევე ქმნიდა სახიფათო მომენტებს შეტევაში. კვარაცხელია ჩინებულ პოზიციაში იმყოფებოდა, როდესაც დემბელეს პირველი გოლი მოუმზადა და მეორე გოლის დროსაც მის მიერ ბარკოლასთვის მიცემულ გამჭოლ პასს ძალიან ვაფასებთ’’.

footmercato-მ კი მატჩის გმირად საფონოვი დაასახელა – 8.5. რაც შეეხება კვარაცხელიას, მისი თამაში ფრანგულმა პორტალმა 7 ქულით შეაფასა.

„გარემარბმა, რომელიც გასულ კვირას, პირველ შეხვედრაში ბრწყინვალე იყო, „წითლებს’’ მეორე მატჩშიც პრობლემები შეუქმნა. ის იყო მწვავე, ზუსტი, თავდაჯერებული და მეტოქის დაცვა მუდმივ წნეხში ჰყავდა. მას დააკლდა რაღაც განსაკუთრებული თამაშის მსვლელობა რომ შეეცვალა, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარი ის გახლავთ, რომ შეხვედრის იმ მონაკვეთში, როდესაც ზეწოლას „ლივერპული’’ ახდენდა, ის დაუღალავად ჩადიოდა უკან, ქმნიდა სივრცეს და კეტავდა ნაპრალებს. საბოლოოდ ქართველი ფეხბურთელი დაფასდა. მან პარიზელთა ორივე გოლში გადამწყვეტი როლი ითამაშა. თავიდან (72-ე წუთი) საგოლე გადაცემა შემდეგ კი (90+1 წუთი), პრე-ასისტი  შეასრულა’’.

rmcsport-ის აზრით კვარაცხელია 6 ქულას იმსახურებდა.: „ის თავიდანვე სახიფათო იყო. მე-3 წუთზე კარში დაარტყა. ის აგრეთვე ხშირად შერბოდა ფრიმპონგის ზურგს უკან. მისი მონდომება არ დაფასდა, მაგრამ ბოლო წუთამდე იბრძოდა’’.

flashscore – 7.3 (მესამე შეფასება დემბელეს და საფონოვის შემდეგ); whoscored – 7.3  (ნევეშთან ერთად მეხუთე შეფასებს პსჟ-ში); sofascore – 7.2 (ნევეშთან ერთად მესამე შეფასება დემბელეს და საფონოვის შემდეგ); fotmob – 7.7 (მესამე შეფასება ჰაკიმისა და ვიტინიასთან ერთად დემბელეს და საფონოვის შემდეგ).