ევროპაში საკლუბო თასების მერვედფინალი გაიმართა, ხოლო საფრანგეთში პრო დ2-ის 25-ე ტური შედგა. ჩელენჯ თასზე ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში – ერთბაშად 5!
ჩემპიონთა თასი
„ტულონმა“ სამხრეთაფრიკულ „სთორმერზს“ უმასპინძლა და დიდი გაჭირვებით აჯობა – 28:27. მიხეილ შოშიაშვილის კარიერა ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, ნებისმიერს შეშურდება – 19 წლის მესამეხაზელმა ტოპ 14-ისა და საქართველოს ნაკრების შემდეგ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირიც დააჭაშნიკა, ტულონელთა სასტარტოშიც იყო და მშვენიერი მატჩიც ჩაატარა. 51-ე წუთზე თამაშში ვეტერანი ბექა გიგაშვილი ჩაერთო, ხოლო გიორგი ჯავახიამ ბოლო 6 წუთი გაატარა მინდორზე. დამდეგ უქმეებზე, მეოთხედფინალში „ტულონი“ შოტლანდიურ „გლაზგო უორიორზს“ სტუმრად გაეჯიბრება.
აი, ლუკა ივანიშვილმა და მისმა „ბრისტოლმა“ მიმდინარე ევროსეზონი ტულუზაში დაასრულეს, სადაც საფრანგეთის ჩემპიონთან უშანსოდ დამარცხდნენ – 26:59. ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა ინგლისური კლუბის შემადგენლობაში დასკვნითი 24 წუთი ითამაშა, ხოლო „ტულუზი“ მეოთხედფინალში ჩემპიონთა თასის მფლობელ „ბორდოს“ სტუმრად დაეჯახება. ამ უკანასკნელმა კი ინგლისური „ლესტერი“ 64:14 გაანადგურა.
ინგლისურმა „ნორთემპტონმა“ საკუთარ მოედანზე ფრანგული „კასტრი“ 49:41 დაამარცხა და მეოთხედფინალში თანამემამულე „ბათს“ ესტუმრება, რომელმაც, თავის მხრივ, ინგლისურივე „სარასენსი“ დატოვა ტურნირს მიღმა – 31:22.
ლონდონურ დერბიში „ჰარლიქუინზმა“ „სეილ შარქსთან“ 17:26 წააგო და ეს უკანასკნელი ამ უქმეებზე ირლანდიაში „ლენსტერს“ შეერკინება, რომელმაც სქოთურ „ედინბურგს“ 49:31 სძლია.
ჩელენჯ თასი
„მონპელიემ“ გიორგი თეთრაშვილის „პერპინიანს“ 53:13 მოუგო და მეოთხედფინალში ირლანდიურ „კონახტს“ უმასპინძლებს, რომელმაც აფრიკული „შარქსი“ 29:12 დაამარცხა. თეთრაშვილი მარქაფიდან შევიდა მინდორზე და 27 წუთიც ითამაშა.
ბაჩუკი ჭუმბაძემ ოდნავ მეტი – 35 წუთი გაატარა თამაშში, ხოლო მისმა „ექსეტერმა“ ირლანდიურ „მანსტერს“ 31:21 აჯობა. ინგლისური კლუბი მომდევნო ეტაპზე ტრევიზოში „ბენეტონს“ ეწვევა.
„ლა როშელმა“ ინგლისში „ნიუკასლს“ 26:18 მოუგო, ხოლო ალექსანდრე ქუნთელიამ ფრანგულ გუნდში ბოლო 33 წუთი ითამაშა. მეოთხედფინალში „ლა როშელი“ ირლანდიაში „ალსტერს“ დაუპირისპირდება, რომელმაც უელსურ „ოსპრეიზს“ 28:24 სძლია.
„პომ“ კი პარმაში იქურ „ძებრესთან“ მოულოდნელი მარცხი იწვნია – 15:31. ლექსო ყაულაშვილი და ბექა გორგაძე თამაშში 47-ე წუთზე ჩაერთვნენ და ბექამ 72-ეზე ლელოც კი გაიტანა, მაგრამ ნირწამხდარ თანაგუნდელებს ამით ვერ უშველა. ეს იყო გორგაძის მე-2 ლელო ჩელენჯ თასზე ჩატარებულ 7 მატჩში. „ძებრეს“ თავგადასავალი უელსურ „დრაგონსთან“ საშინაო რკენით გაგრძელდება, რომელმაც უიქ-ენდის მთავარი სენსაცია გამოაცხო, დაამარცხა რა პარიზში „სტად ფრანსე“ ანგარიშით 36:31.
პრო დ2
ვანო კარკაძე „ოიონაქსს“ „ბიარიცის“ 48:14 ძლევაში დაეხმარა – 27 წუთზე გარემარბივით გამოეხმაურა მგეზავის დაკიდებულ ბურთს, მარჯვნიდან შეიჭრა ჩათვლის მოედანზე და სეზონში თავისი მე-4 ლელო იზეიმა.
იოანე იაშაღაშვილმა „ორიაკს“ გაუტანა თავისი ლელო, რომელიც მისთვის სეზონში მე-5 გახლდათ. „მონ-დე-მარსანმა“ 35:25 მოიგო.
აი, ნევერში კი ერთბაშად 3 ქართული ლელო დაფიქსირდა. კვაჭმა ლუკა პეტრიაშვილმა ორივე ტაიმის დასაწყისში მოლით შეტევები შედეგიანად დააგვირგვინა და სეზონური ანგარიში 7 (!) ლელომდე გაზარდა, ხოლო რატი ზაზაძემ თავისი წილი ლელო რაქიდან სხარტი შეტევით გაიტანა. ეს ლელო რატისთვის სულაც სადებიუტო იყო მის ფრანგულ კარიერაში. „ნევერმა“ კი „ბეზიე“ 44:41 დაამარცხა.





