NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა.
გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ნიუ ორლეანს“ 112:108 მოუგო და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. გოგამ მოედანზე 16.15 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი ფლორიდელებმა მეტოქეზე ცხრა ქულით მეტი ჩააგდეს.
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ კი „ბოსტონს“ ესტუმრა და 101:115 წააგო. მამუმ მოედანზე 24.03 წუთი გაატარა და გუნდს 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი შესძინა. ქართველმა ერთადერთი ორქულიანი ააცილა, სამიდან ზუსტი ორი სამქულიანი გამოდგა და ოთხიდან ოთხივე საჯარიმო გამოიყენა. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში „ტორონტომ“ რვა ქულით ნაკლები ჩააგდო. „ტორონტო“ 43 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ფლეი ოფში გამსვლელ ბოლო, მეექვსე ადგილზეა. ასეთივე მაჩვენებელი აქვს „ფილადელფიას“. შემდეგ მოდიან „შარლოტი“ (43 მოგება, 36 წაგება), „ორლანდო“ (42 მოგება, 36 წაგება) და „მაიამი“ (41 მოგება, 37 წაგება). „შარლოტის“ გარდა ყველა გუნდს რეგულარულ სეზონში ჩასატარებელი ოთხი თამაში დარჩა.
შემდეგ ტურში „ტორონტო“ შინ „მაიამის“ დაუხვდება, ხოლო „ორლანდო“ კონფერენციის ლიდერ „დეტროიტს“ უმასპინძლებს.





