Liverpool goalkeeper Giorgi Mamardashvili saves from Rayan Cherki of Manchester City during the Emirates FA Cup Quarter Final match between...„ლივერპულის’’ სათასო ოცნება მანჩესტერში დასამარდა ― „სიტისთან’’ 0:4 წააგო. ოთხიდან სამი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა. პირველი პენალტი იყო. კიდევ ერთი გოლი ანტუან სემენიომ შეაგდო. სტუმართაგან მო სალაჰმა თავისი წილი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა. ეს გახლდათ მეოთხედფინალი. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასისთვის ბრძოლას „მანჩესტერ სიტი’’ განაგრძობს.

ამ მწარე მარცხის შემდეგ არნე სლოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’ შეხვედრაზე უნდა გადაერთოს. „მერსისაიდელებმა’’ აგრეთვე პრემიერლიგის ცხრილის ტოპ-ხუთეულში შესვლაზე უნდა იზრუნონ, რათა იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ, მომავალ სეზონში ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მიიღონ.

„სიტისთან’’ შეხვედრაში, რომელშიც „ლივერპული’’ უსუსური იყო, მის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. liverpoolecho-მ ქართველს 6 ქულა დაუწერა და სიტყვიერად ასე დაახასიათა: „მან კარგად ითამაშა ჰაერში, სოლიდურად ათამაშებდა ბურთს ფეხით და ორიოდ კარგი დარტყმა მოიგერია. ოთხი გოლიდან ერთსაც ვერ მოუხერხებდა რამეს’’.

thisisanfield -ის აზრით მამარდაშვილი 5 ქულაზე მეტს არ იმსახურებდა. საიტმა დაწერა: „შეიძლება მესამე გოლის დროს უკეთ თამაში ჰმართებდა და მეტოქისთვის ბურთის თავზე გადაგდების საშუალება არ უნდა მიეცა, მაგრამ გუნდის მთავარი პრობლემები წინა ხაზებში იყო. ქების ღირსია შეხვედრის დასაწყისში მო სალაჰისთვის საგოლე მომენტის შექმნის გამო, როდესაც ალისონის სტილის კონტრშეტევა წამოიწყო და გვაჩვენა, რომ მარცხენა ფეხს ოსტატურად იყენებს’’.

Liverpool.com-მაც 6 ქულა დაუწერა მამარდაშვილს. საიტმა ასე დაწერა: „ალისონ ბეკერის ტრავმის გამო მამარდაშვილს ძირითად შემადგენლობაში დიდხანს მოუწევს ყოფნა. „სიტისთან’’ მან ჩვეულებრივ ითამაშა: რამდენჯერმე კარგად მოიგერია ბურთი, მაგრამ ფეხით ყოველთვის სრულყოფილად ვერ თამაშობდა. ერთხელ სალაჰს კარგი გრძელი პასი მისცა. გოლებს ვერაფერს მოუხერხებდა’’.

სხვა საიტებმა გიორგი მამარდაშვილის თამაში ასე შეაფასეს:

flashscore – 5.8; sofascore – 6.0; fotmob – 5.4