4 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ ახალ წამოწყებაში – ერთა თასში ჩაებმება. მოგეხსენებათ, რაგბის გლობალურმა მმართველებმა ეროვნული ნაკრებები 12-გუნდა „იარუსებად“, იგივე „ტიერ“-ებად ფაქტობრივად ოფიციალურად დაჰყო და ბორჯღალოსნებს შოტლანდიელებთან თუ სამხრეთაფრიკელებთან ტესტებთან გამოთხოვება ოფიციალურადვე მოუწევთ.

ადგილი მსოფლიო რაგბის მეორე თორმეტეულში მიგვეჩინა და 4 ივლისს ეს მეორეხარისხოვანი დუჟინი საკუთარ წვენში ხარშვის მორიგ სტადიას შეუდგება.

მოკლედ, 4 ივლისს, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში იქაური ნაკრებისა და საქართველოს ბორჯღალოსნების ჯახით ჩვენი ეროვნული რაგბის ახალი ეტაპი დაიწყება. მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

ტურნირის სქემა შემდეგნაირია: 12 გუნდი ორ 6-გუნდა ჯგუფადაა დაყოფილი, თანაც – ტერიტორიული პრინციპით. „ა“ პულში შევიდნენ ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკისა და ოკეანეთის (ზღვისრეთის) ქვეყნები, ხოლო „ბ“ პულში წარმომადგენლები ევროპას, აზიასა და აფრიკას ეყოლებათ.

„ა“ პული: ურუგვაი, აშშ, ჩილე, ტონგა, სამოა, კანადა.

„ბ“ პული: საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, ჰონკონგი, ზიმბაბვე.

თითოეული ნაკრები სხვა პულის ექვსივე მონაწილეს ეთამაშება და გამარჯვებულიც ჯამური ცხრილის მიხედვით ვლინდება. კერძოდ, საქართველო ჩრდილოეთ-სამხრეთ ამერიკებისა და ზღვისრეთის ყველა წარმომადგენელს ეთამაშება. სამს – ივლისში, მეორე სამეულს – ნოემბერში. ანუ, ძველი ტესტების მაგიერია, ოღონდ ყველა თავის „კბილას“ ეთამაშება და ზრდისა თუ განვითარების პერსპექტივა – 0. პრინციპში, კანადას საქართველოსთან თამაში დიდად წაადგება, ან ჰონკონგს – ურუგვაისთან, ოღონდ პირიქით – არა.

ერთი ისიც აღვნიშნოთ, რომ ეს თორმეტეული არა რეიტინგით, არამედ მსოფლიო თასზე გასულთაგან შედგა, თორემ ბელგიის ნაკრები 21-ე ადგილზეა მსოფლიო რეიტინგით და ახალი ტურნირის 4 მონაწილეს უსწრებს.

ბორჯღალოსნებს დავუბრუნდეთ: ურუგვაის მერე, 11 ივლისს, ჩილეში, ქალაქ ვინია დელ მარში სამოას ეროვნულ გუნდს ვეთამაშებით, ხოლო 18-ში, უკვე საკუთრივ ჩილეს ნაკრებთანაა შეხვედრა – ჩილეშივე, ქალაქ ლა სერენაში.

ანალოგიური სტრუქტურა ბობოლათა ტურნირსაც ექნება, რომელსაც ერთა ჩემპიონატი ეწოდება. და მთავარი: 2030 წელს (!) ერთა ჩემპიონატის მაჩანჩალები ერთა თასის გამარჯვებულებს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან და მოხდება დონიდან დონეზე გადასვლა. ან არ მოხდება. ზედა ტურნირის მაჩანჩალებად 4 წლის თავზე ალბათ ფიჯი, იაპონია და უელსი უნდა მოვიაზროთ და წარმოიდგინეთ, რა დონეს მიაღწევენ ეს ნაკრებები მსოფლიო რაგბის ნაღებთან ყოველწლიური და ინტენსიური კონკურენციით. ჩვენ კი მათ სიმაღლეებზე მომდევნო 4 წელიწადში კანადა და თუნდაც ტონგა აგვიყვანენ. ნეტარ არიან მორწმუნენი…