Dominic Solanke of England in action with Manuel Ugarte of Uruguay during the international friendly match between England and Uruguay at Wembley...
რამდენი ყვითელი ბარათი მიიღო ურუგვაელმა მანუელ უგარტემ?

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება შინ ურუგვაისთან 1:1 ფრით დაიწყო, რაც ტომას ტუხელის გუნდს ჩავარდნად ჩაუთვალეს. აქამდე ინგლისელებს ზედიზედ შვიდი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული. მათ მერვე გამარჯვებას გზა ურუგვაელთა მიერ კარში დამიზნებულმა ერთადერთმა დარტყმამ გადაუღობა. სამხრეთამერიკელთაგან გოლი „რეალის’’ ნახევარმცველმა ფედე ვალვერდემ 90+4 წუთზე, ინგლისელთა აზრით საეჭვო პენალტით გაიტანა. მანამდე, 81-ე წუთზე ანგარიში არსენალელმა ბენ უაითმა გახსნა.

უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელმა მწვრთნელმა ურუგვაელების წინააღმდეგ ფრიად ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა, რაც გუნდს დაეტყო – ის შეუთამაშებელი იყო. ამის მიუხედავად ინგლისელებს იმხელა ამბიცია აქვთ, რომ სწამთ – ურუგვაის ნაკრებს მეორე შემადგენლობითაც უნდა უგებდნენ.

შეხვედრაში იყო ერთი უცნაური ეპიზოდი, როდესაც მსაჯმა ურუგვაელი ნახევარმცველი, „მანჩესტერ იუნაიტედის’’ წევრი მანუელ უგარტე 81-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათით დასაჯა, მაგრამ… მოედნიდან არ გააგდო. 24 წლის მოთამაშის მეორე ყვითელი უაითის გოლს მოჰყვა (უგარტე აპროტესტებდა) და წესით წითელ ბარათად უნდა ქცეულიყო, მაგრამ გერმანლმა მსაჯმა სვენ იაბლონსკიმ რაღაცნაირად მისი მოედანზე დატოვება მოახერხა. 87-ე წუთზე უგარტე ემილიანო მარტინესმა შეცვალა.

რა მოხდა სინამდვილეში? ITV-ს რეპორტიორებს, რომლებიც მოედნის კიდესთან მუშაობდნენ მეოთხე მსაჯმა უთხრა, რომ იაბლონსკიმ უგარტეს მეორე ყვითელი გააუქმა. შეხვედრის მერე კი არბიტრებმა განმარტება შეცვალეს და თქვეს, რომ მსაჯმა მეორე ყვითელი კი არ გააუქმა, არამედ პირველი აჩვენა სხვა ფეხბურთელს – ხოსე მარია ხიმენესს.

მეოთხე მსაჯისა და არბიტრთა საბოლოო ვერდიქტის კომბინირებული ვერსიით გამოდის, რომ უგარტეს ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათი საერთოდ არ მიუღია.