Khvicha KVARATSKHELIA of PSG during the Ligue 1 McDonald's match between Rennes and Paris at Roazhon Park on February 13, 2026 in Rennes, France.„პარი სენ ჟერმენის’’ გამარჯვებათა სერია „რენმა’’ შეწყვიტა ― 3:1. საფრანგეთის ჩემპიონს ლიგა 1-ში ბოლო შვიდი მატჩი მოგებული ჰქონდა, მაგრამ ბრეტონის წვიმიან ამინდში მობილიზებულ და მოწადინებულ მასპინძლებთან ვერაფერს გახდა. „რენმა’’ თავიდან ძელს გაარტყა ბურთი. შემდეგ ალ ტამარიმ გამოიჩინა თავი აქტიურობით, ხოლო 34-ე წუთზე გოლითაც. 69-ე წუთზე ესტებან ლეპოლიმ მეორე გოლი გაიტანა. 72-ზე ოსმან დემბელემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 81-ზე ბრეელ ემბოლომ მასპინძელთა მესამე გოლით შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 60 წუთი დაჰყო. ის აქტიური იყო დაცვაში, შეასრულა რამდენიმე მწვავე და ეფექტური პასიც, მაგრამ ქართველის თამაში სხვადასხვა საიტმა მაინც სხვადასხვანაირად აღიქვა.

maxifoot -მა შვიდ პარიზელს კვარაცხელიაზე (4.5) მაღალი შეფასება დაუწერა. ამ პორტალის სიტყვიერი შეფასება ასეთი იყო: „ქართველმა გარემარბმა რამდენიმე გარღვევა შეასრულა, ჰქონდა რიგი ინდივიდუალური მცდელობები, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტებში სიზუსტე დააკლდა. „რენის’’ დაცვა მას მჭიდროდ მეურვეობდა, რის გამოც როგორც პასების გადაწოდებისას ასევე კარში დარტყმისას ცდებოდა. „რენის’’ უკანა ხაზი ერთხელაც ვერ გაარღვია’’.

footmercato-მ სხვა მიდგომა ამჯობინა. კვარაცხელიაზე მეტი ქულა არავის დაუწერა, მაგრამ ეს ქულა ისევე როგორ maxifoot-ს შემთხვევაში მხოლოდ და მხოლო 4.5 იყო. სხვა სიტყვებით, ამ საიტმა პარიზელ ფეხბურთელებს დაუწერა მარტო 4.5 და უფრო დაბალი ქულები. სიტყვიერად footmercato-მ ქართველის თამაში ასე დაახასიათა: „შეტევაში მან თავისი საფირომო ხრიკებით შეხვედრას მალევე დაატყო კვალი. დაუზარებლად ჩარბოდა უკან, საიდანაც თანაგუნდელებს ხარისხიან პასებს აწვდიდა. მისი მრავალი გრძელი პასით დეზირე დუეს შეეძლო ესარგებლა და გოლი გაეტანა. დროთა განმავლობაში კი კვარაცხელიას გავლენა თამაშზე შემცირდა’’.

flashscore – 7.3 (მესამე შეფასება); whoscored – 6.6 (მესამე შეფასება პაჩოსა და ბარკოლასთან ერთად); sofascore – 7.2 (მეოთხე შეფასება); fotmob – 6.9 (მეოთხე შეფასება ფეხბურთელთა დიდ ჯგუფთან ერთად).