საქართველოს ბორჯღალოსნები კვირას, 15 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს გამართავენ. მარკო ბორტოლამის ბიჭები 16 საათზე ნიდერლანდების ნაკრებს შეერკინებიან, რომელმაც პირველ ტურში ესპანეთს ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 33:51. საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფის ლიდერია, რადგან პირველ ტურში უფრო დიდი სხვაობით იმარჯვა – შვეიცარია ივერდონში 54:3 დაამარცხა.

ქართველთა 34-კაციანი გაფართოებული რაზმის 5 წევრი  თავის ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა, მათი, ანუ გიორგი მელიქიძის, ალექსანდრე ქუნთელიას, გიორგი ახალაძის, ნიკოლოზ სუთიძისა და გიორგი ჯავახიას ადგილი  ინგლისური „ექსეტერის“ ბურჯმა ბაჩუკი ჭუმბაძემ და „მონ-დე-მარსანის“ მეორეხაზელმა ვლადიმერ ჩაჩანიძემ დაიკავეს. ორივე მარქაფაში იქნება.

ნაკრებში სადებიუტო მატჩს „აჟენის“ მარცხენა ბურჯი მამუკა მსტოიანი გამართავს, ყველა დანარჩენს კი თუნდაც ერთი კეპი აქვს.

ირაკლი აფციაურს, ლუკა ივანიშვილს, გიორგი შველიძესა და დაჩი პაპუნაშვილს შვეიცარიასთან არ უთამაშიათ, ამსტერდამში კი სასტარტოში იქნებიან.

ივერდონში რამდენიმე სამარქაფოსაც არ უთამაშია: ხსენებული მსტოიანის, ჭუმბაძისა და ჩაჩანიძის გარდა ციკლში პირველად ითამაშებს კვაჭი ლუკა ნიორაძე. ესაა და ეს.

ამსტერდამული მატჩი მე-10 იქნება საქართველოსა და ნიდერლანდების სარაგბო დაპირისპირებაში. სულ პირველი, 1995-ში ცნობილ მიზეზთა გამო ქართველებმა 3:55 დათმეს, არადა 31-ე წუთამდე 3:0-ს იგებდნენ…

მომდევნო 8 ჯახი, ცხადია, ბორჯღალოსნებმა მოიგეს. მათ შორის ერთხელ – 88:0.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნიდერლანდებთან მატჩში:

  1. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი, 5 კეპი, 0 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ოიონაქსი, 28, 50), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 22, 0), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 24, 25), 5. დავით ლაგვილავა (პერპინიანი, 1, 0), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 27, 20), 7. ბექა საღინაძე (კაპიტანი, ლიონი, 53, 20), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 45, 45), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 64, 55), 10. ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 33, 217), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი, 1, 5), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 75, 65), 13. გიორგი შველიძე (ბრივი, 5, 0), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 56, 255), 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, 5, 12).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 10, 0), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი, 0, 0), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეტერი, 1, 0), 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე (მონ-დე-მარსანი, 30, 5), 20. ანდრო დვალი (პერპინიანი, 1, 0), 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ-დე-მარსანი, 2, 0), 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 100, 98), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 60, 390).