ლამინ იამალი მწვერვალზე დაბრუნდა! ეს უკვე ნაღდია. ამას მადრიდულმა „მარკამაც’’ მიუძღვნა წერილი. „ბარსელონას’’ ვარსკვლავი სექტემბერ-ოქტომბერში ტრავმამ ამოაგდო კალაპოტიდან, მაგრამ გუშინ მის მიერ ლა ლიგის 23-ე ტურში „მალიორკასთვის’’ გატანილი გოლი ჩემპიონატის, სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ზედიზედ მეხუთე გამოდგა. „ბარსამ’’ „მალიორკას’’ 3:0 მოუგო.

ხსენებულ სერიაში პირველი გუნდი, რომელსაც 18 წლის ბარსელონელმა გოლი გაუტანა იყო „ოვიედო’’. ეს მოხდა 25 იანვარს, როდესაც იამალმა მაკრატელა დარტყმით შეაგდო. ამას მოჰყვა ჩემპიონთა ლიგის მატჩი „კოპენჰაგენთან’’. „ელჩესთან’’, ისევე როგორც „ალბასეტესთან’’ თასის მეოთხედფინალში იამალმა ანგარიში გახსნა და აი, როკაფონდელმა (მუშათა კლასის საცხოვრებელი რაიონი მატაროში, ბარსელონასთან ახლოს) შაბათს „მალიორკასაც’’ გაუტანა.

იამალი ჰანსი ფლიკმა 78-ე წუთზე შეცვალა. მატჩის შემდეგ ბარსელონელთა გერმანელმა მწვრთნელმა თავისი გადაწყვეტილება ასე განმარტა: „ჩვენ მისი სათამაშო დრო სწორად უნდა ვმართოთ. ლამინს თამაში უხარია, მაგრამ პირველ ტაიმში საუკეთესო ფეხბურთი ვერ აჩვენა. მან ენერგია მეორე ტაიმისთვის შეინახა და მე მას ამისთვის საყვედურს ვერ ვეტყვი’’.

„მალიორკას’’ კარში გატანილი გოლი იამალისთვის ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში მეათე იყო, რაც მისი პირადი რეკორდია. აქამდე მისი საუკეთესო შედეგი იყო ერთ სეზონში 9 გოლი.