საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მე-18 ჩემპიონობის მოპოვებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. შვეიცარიის ქალაქ ივერდონის „სტად მუნისიპალზე“ იტალიელი მარკო ბორტოლამის მიერ დამოძღვრილმა ბორჯღალოსნებმა შვეიცარიელ „ედელვაისებს“ მთლად შარშანდელივით 110:0 ვერა, მაგრამ 54:3 კი მოუგეს.

2026 წლის გათამაშების სტარტზე საქართველოს ნაკრებში დებიუტი ერთბაშად 5 მორაგბეს ჰქონდა. ნიკოლოს რეხვიაშვილი და ოთარ მეტრეველი სულაც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ამ უკანასკნელმა დებიუტი ლელოთიც აღნიშნა – პირველი ტაიმის შუისკენ ჩვენს გუნდს კარგი შეტევა გამოუვიდა, გიორგი კვესელაძემ ბოჭვა ვერ აიცილა და ფეხით ბურთი ლელოში შეაგორა, სადაც მას მეტრეველმა მიუსწრო.

კიდევ სამი ახალბედა მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა და მიუხედავად დროის სიმცირისა, ლაგვილავამაც, წულუკიძემაც და დვალმაც საიმედოდ ითამაშეს და საერთო სურათი არ გაუფუჭებიათ.

ეს „საერთო სურათი“ კი, პირველ ტაიმში სულაც არ იყო თვალსასეირო – ჩვენი ნაკრები მეტოქეს მხოლოდ სტატიკურ შერკინებებში ჩაგრავდა, თორემ დერეფანსა და სხვა კომპონენტებში ისე ხშირად უშვებდა შეცდომებს, რომ მეორე ლელოს გატანის არანაირი შანსი არ რჩებოდა. ეს კი არა, შვეიცარიელებმა იაშაღაშვილის გასინბინების მომენტში დანიშნული ჯარიმით ისარგებლეს და ანგარიში „დაასველეს“ – 7:3. ტაიმიც ამ ანგარიშით დასრულდა.

შესვენებისას გასახდელში კმაყოფილების ატმოსფერო რომ არ იქნებოდა, ეს გასაგებია. ჰოდა, მეორე ტაიმი დაიწყო და მაყურებელმა სულ სხვა, მოტივირებული და მობილიზებული ბორჯღალოსნები იხილა. ჯერ იყო და, აკა ტაბუცაძე ეღირსა ფრთაზე გათავისუფლებასა და ბურთის მიღებას, დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო – 51-ე ლელო 56-ე სანაკრებო მატჩში.

 

მცირე ხანში კი ნათელი გახდა: შვეიცარიელები ისე დაიღალნენ, რომ დარჩენილ დროში ქართველები იმდენ ლელოს გაიტანდნენ, რამდენსაც მოასწრებდნენ. შერკინებებსა და ზოგადად, ფიზიკურ კონტაქტებში ბორჯღალოსნების უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ მასპინძლები წინააღმდეგობას უბრალოდ ვეღარ უწევდნენ. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა კიდევ 6 ლელოს დაფიქსირება. გიორგი ჯავახიამ 23-ე სანაკრებო მატჩში მე-4 ლელო იზეიმა; თორნიკე ჯალაღონიამ ორჯერ გამოავლინა თავისი მთავარი თვისება – მოხერხებულობა და 45-ე კეპი დუბლით გაალამაზა, რის შემდეგაც მის ანგარიშზე 9 ლელოა; მე-5 და მე-8 ლელოები საკუთარ ანგარიშზე დემე თაფლაძემ ჩაიწერა, რომელმაც ორივე შემთხვევაში მეტად ენერგიულად იმოქმედა, მისი სანაკრებო სტატისტიკა ამიერიდან 48 კეპსა და 8 ლელოს შეადგენს; შეცვლაზე შესულმა თედო აბჟანდაძემ ბურთი მოედნის ცენტრთან ახლოს ჩაჭრა და მარტომ ირბინა, რათა მე-60 კეპი მე-7 ლელოთი აღენიშნა და ჯამურად 390 ქულით იწონებს თავს. ლუკა მატკავამ 8-დან 7 ლელო გარდასახა, 14 ქულა დააგროვა და დღეიდან მას 33 კეპი და 217 ქულა აქვს.

მაგრამ ამ სტატისტიკურ ორომტრიალში მთავარი მაინც სულ სხვა ციფრები იყო – ვასილ ლობჟანიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა და გახდა მე-8 ქართველი ცენტურიონი დავით კაჭარავას, ალექსანდრე თოდუას, მერაბ კვირიკაშვილის, მერაბ შარიქაძის, შალვა მამუკაშვილის, გიორგი ჩხაიძისა და ლაშა მალაღურაძის შემდეგ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ვასკა 29 წლისაა, მას ამ სიაში დაწინაურებაც თავისუფლად შეუძლია…

მოკლედ. საქართველოს ნაკრებმა ბონუსით მოიგო, ჯგუფის მეორე მატჩში კი, ნიდერლანდების ნაკრები შინ ესპანეთს კი ეომა, მაგრამ უქულოდ დარჩა და მეტოქეს ბონუსი მაინც გაატანა – 33:51.

ბორჯღალოსნები შემდეგ მატჩს ამსტერდამში ხსენებულ ნიდერლანდებთან მომდევნო კვირას, 15 თებერვალს გამართავენ.