დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტური „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მარსელის’’ შეხვედრით, ეგრეთწოდებული „ლე კლასიკით’’ დამთავრდება. შეხვედრას საჩემპიონო ბრძოლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
პარიზელებს გამოუჯანმრთელდათ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნიუკასლთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა. მან ვარჯიში განაახლა, მაგრამ ფრანგული პრესის საერთო აზრით „ლე კლასიკში’’ თავიდანვე არ ითამაშებს. ლუის ენრიკეს ჩვეულების შესაბამისად ის სავარაუდოდ მე-60 წუთზე შევა მოედანზე, რაც თავის გამოჩენის შესაძლებლობას აძლევს ბრედლი ბარკოლას. footmercato-ს მიაჩნია, რომ „მარსელთან’’ თამაში ფრანგი გარემარბისთვის გამოცდის ტოლფასი იქნება. მიმდინარე სეზონში ის ვერა და ვერ ათამაშდა სტაბილურად.
საიტი წერს, რომ 2024-25 წლების სეზონში ბარკოლამ ჩინებულად ითამაშა, რასაც მიმდინარე ჩემპიონატში ვეღარ ახერხებს. შარშან მან 21 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 20 საგოლე პასი გადააწოდა, ახლანდელ სეზონში კი 29 შეხვედრაში მხოლოდ შვიდჯერ შეაგდო და ოთხჯერ გაატანინა.
სტრასბურში 2:1 გამარჯვების შემდეგ 23 წლის ფეხბურთელმა Ligue 1+ თან ინტერვიუში თქვა: „ვცდილობკარის წინ უფრო ყურადღებით ვიყო. საგოლე მომენტებს ვქმნი, მაგრამ მეტი გოლის გატანა მჭირდება. „მარსელთან’’ კარგი თამაში გველის. მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერია. მასთან ბოლო ორ შეხვედრაში გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიგოთ. შინ ვთამაშობთ, გულშემატკივრის მხარდაჭერა გვექნება და მოედანზე ცეცხლის დანთებას შევეცდებით’’.
footmercato შეგვახსენებს, რომ ბარკოლას ჩემპიონთა ლიგაში 15 თამაშია რაც გოლი არ გაუტანია, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ მას ევროპის ტოპ-გუნდებთან თამაში უჭირს. ამის მიუხედავად ლუის ენრიკე ლიონელს ენდობა და „სტრასბურთან’’ იქნება თუ „ნიუკასლთან’’ ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს. და მაინც „ლე კლასიკი’’ „ლე კლასიკია’’. ბარკოლამ უნდა დაამტკიცოს, რომ ისევ ის ფეხბურთელია, რომელიც შარშან ბრწყინავდა და არა ის, რომელმაც „ატალანტასთან’’ ჩემპიონთა ლიგაში პენალტი ვერ გაიტანა.
„როდესაც ფეხბურთელების განვითარებაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თითოეულ მათგანს კერძოდ რაზე აქვს სამუშაო. მე მათთან პრობლემა არ მაქვს. ბარკოლა იდეალურია, ისევე როგორც სხვები. ამბობენ, თითქოს ისინი დაიღალნენ, მაგრამ აქ თავის როლს ფსიქოლოგია თამაშობს. როდესაც გუნდი 5:0-ს იგებს დაღლილობას არავინ გრძნობს, მაგრამ თუ ვაგებთ, მაშინ ყველა დაღლილია’’, ― თქვა ლუის ენრიკემ.

![დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Khvicha-Kvaratskhelia-1-218x150.jpg)



