8 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჩაებმება ტურნირში, რომლის გამარჯვებულიც სხვა დანარჩენ მონაწილეებზე ბევრად მეტჯერ გამხდარა.

კვირას, 16 საათზე დაიწყება „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის მატჩი, რომელშიც შვეიცარიის ნაკრები საქართველოს ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს.

ეს იქნება პიერ-ანრი ბრონკანისა და მარკო ბორტოლამის სამწვრთნელო დუეტის დებიუტი საქართველოს ნაკრების საჭესთან და როგორც ასეთ შემთხვევებს ახასიათებს ხოლმე, ახალ თავკაცებს ახალი სახეები შემოჰყავთ ბორჯღალოსანთა დასში.

ფრანგულ-იტალიურმა სამწვრთნელო ტანდემმა ივერდონში 5 დებიუტანტით თამაში გადაწყვიტა, მათ შორის „ყოჩების“ გარემარბი ნიკოლოზ რეხვიაშვილი და „შავი ლომის“ ფულბექი ოთარ მეტრეველი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ, ხოლო მეორეხაზელები დავით ლაგვილავა და თემურ წულუკიძე, ასევე მესამეხაზელი ანდრო დვალი შეხვედრაში მარქაფიდან ჩაბმებიან.

კიდევ ისაა საინტერესო და აღსანიშნავი, რომ გუნდის 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე შვეიცარიასთან მე-100 კეპს მოიხვეჭს და დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიაში მე-8 ცენტურიონად იქცევა!

სიახლეა ისიც, რომ „სტად ფრანსეს“ ბურჯმა გიორგი მელიქიძემ ნაკრების ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ამოწურა და გუნდში თითქმის 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ორიოდე სიტყვა მეტოქეზეც: შვეიცარიასთან აქამდე 2-ჯერ გვითამაშია და ცხადია, ორივეჯერ მოგვიგია. შარშან – 110:0, რაც საქართველოს ნაკრების სარეკორდო გამარჯვებაა. ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს ნიდერლანდები და ესპანეთი 7 თებერვალს შეხვდებიან, „ბ“ ჯგუფში კი ბელგია პორტუგალიას უმასპინძლებს, ხოლო გერმანია – რუმინეთს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიასთან მატჩში:

  1. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 15 მატჩი, 5 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ოიონაქსი, 27, 50), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 30, 15), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 23, 25), 5. გიორგი ჯავახია (ტულონი, 22, 15), 6. ბექა საღინაძე (კაპიტანი, ლიონი, 52, 20), 7. იოანე იაშაღაშვილი (მონ-დე-მარსანი, 1, 0), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 44, 35), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 99, 98), 10. ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 32, 203), 11. ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები, 0, 0), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 74, 65), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 47, 30), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 55, 250), 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი, 0, 0).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი, 1, 0), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი, 4, 0), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 7, 5), 19. დავით ლაგვილავა (პერპინიანი, 0, 0), 20. თემურ წულუკიძე (ოიონაქსი, 0, 0), 21. ანდრო დვალი (პერპინიანი, 0, 0), 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 63, 55), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 59, 385).