„მეცის’’ შემადგენლობაში სამმა ქართველმა ითამაშა. მართალია ისინი მოედანზე ერთად არ იყვენ და საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში სამივეს მონაწილეობა ფორმალური იყო, რადგან გუნდის ახალწვეული გიორგი ქვილითაია მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა და გიორგი წიტაიშვილი შეცვალა, მაგრამ ოქმში დაფიქსირდა, რომ 2026 წლის 6 თებერვალს, ლიგა 1-ის 21-ე ტურის შეხვედრაში „ლილის’’ წინააღმდეგ სამმა ქართველმა ითამაშა.
„ლილი’’ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის იბრძვის, ოღონდ ცუდი პერიოდი უდგას – 2026 წელს ერთხელაც არ მოუგია. ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ ჩრდილოელებმა მეცში 0:0 ითამაშეს. სტუმრებს მე-4 წუთზე მსაჯის მიერ დანიშნულმა პენალტმა იმედი ჩაუსახა, მაგრამ VAR-მა არბიტრს თერთმეტმეტრიანი გააუქმებინა. მეტიც, სიმულაციისთვის შემტევი ფეხბურთელი ყვითელი ბარათით დაისაჯა. VAR საქმეში მე-18 წუთზე კიდევ ერთხელ ჩაერია, როდესაც მეცელთა ახალ კაპიტანს, სენეგალელ ჰაბიბ დიალოს ოფსაიდის გამო გოლი არ ჩაუთვალა. უნდა აღინიშნოს, რომ „მეცი’’ ამ შეხვედრაში კარგად ორგანიზებულ კოლექტიურ ფეხბურთს თამაშობდა.
ზოგადად, მოგება უფრო „ლილს’’ შეეძლო. 22 წლის ისლანდიელ თავდამსხმელ ჰაკონ არნარ ჰარალდსონს ორჯერ ჰქონდა საგოლე მომენტი, 76-ე წუთზე კი მოედანზე ორიოდ წუთის შესულმა პორტუგალიელმა ფელიშ კორეიამ ძელს გაარტყა ბურთი. ბოლო წუთებში ორივე გუნდი ფაციფუცობდა, მაგრამ გოლი არ გავიდა.
maxifoot-მა გიორგი წიტაიშვილს 10-დან 5 ქულა დაუწერა და მისი თამაში სიტყვიერად ასე დაახასიათა: „გარემარბმა იმედი არ გააცრუა. მართალია ქართველმა ბრწყინვალედ ვერ ითამაშა, მაგრამ დაუღალავად აწვდიდა ბურთს მეტოქის საჯარიმოში და დიდი სამუშაო გაწია დაცვაში’’.
რაც შეეხება გიორგი აბუაშვილს, ის 62-ე წუთზე ლუკა მიშალის მაგივრად შევიდა მოედანზე.
გიორგი წიტაიშვილი: flashscore – 6.6; sofascore – 7.2; whoscored – 6.5; fotmob – 6.7
გიორგი აბუაშვილი: flashscore – 6.8; sofascore – 6.7; whoscored – 6.4; fotmob – 6.5

![დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Khvicha-Kvaratskhelia-1-218x150.jpg)



