ყველამ იცის, რომ წლეულს აშშ-ს, მექსიკისა და კანადის სტადიონებზე მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება, ხოლო ის, რომ ფიფას გადაწყვეტილებით კიდევ ერთი გლობალური შეჯიბრება, FIFA Series 2026 მზადდება, ნაკლებად არის ცნობილი. ეს უცნაური ტურნირი 6 კონფედერაციის 48 ნაკრებს მოუყრის თავს. მასში ფაქტობრივად მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის წევრთა მეოთხედი მიიღებს მონაწილეობას.
ეს იქნება გეოგრაფიულად უფრო ვრცელ ფართობზე გაშლილი შეჯიბრება, რომელშიც დიდი ფეხბურთის პერიფერიაზე მყოფი გუნდები ითამაშებენ. 48 ქვეყანას დაყოფენ კაცების შეჯიბრებაში 9 და ქალების შეჯიბრებაში 3 ჯგუფად. ჯგუფურ ეტაპს გაგრძელება არ მოჰყვება. თამაშები 2026 წლის მარტისა და აპრილის სანაკრებო კვირეულებში გაიმართება ანუ კალენდარს დამატებით არ დააწვება. კაცთა შეჯიბრებას უმასპინძლებენ აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუანდა, პუერტო რიკო, ინდონეზია, ახალი ზელანდია და ავსტრალია, ხოლო ქალთა შეჯიბრებას – ბრაზილია, კოტ დ’ივუარი და ტაილანდი.
შეჯიბრებისთვის პრესტიჟულობის შესამატებლად ფიფა ხაზს უსვამს, რომ მასში მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატში გასული 5 გუნდი: ავსტრალია, კაბო ვერდე, კურასაო, ახალი ზელანდია და უზბეკეთი. ქალთა შეჯიბრებაში კიდევ უფრო სახელოვანი გუნდები ითამაშებენ.

![დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Khvicha-Kvaratskhelia-1-218x150.jpg)



