Gauthier HEIN of Metz celebrates goal during the Ligue 1 McDonald's match between Strasbourg and Metz at Stade de la Meinau on January 18, 2026 in...სამი გიორგის, წიტაიშვილის, აბუაშვილის და ახლა უკვე ქვილითაიას „მეცში’’ რაღაც ხდება ― კაპიტანი შეცვალეს. ოთხშაბათს „ბროწეულისფერთა’’ ახალმა მწვრთნელმა ბენუა ტავენომ განაცხადა, რომ 29 წლის  გოტიე ეინს სამკლავური ჩამოერთვა.

„დიახ, ასე გადაწყდა. ჩვენ ანჟედან (სადაც „მეცმა’’ 0:1 წააგო) კვირა საღამოს დავბრუნდით, კლუბის მენეჯმენტი ამ საკითხზე სალაპარაკოდ ორშაბათს შეიკრიბა, მიიღო გადაწყვეტილება და მე საქმის კურსში სამშაბათს დილით ჩამაყენა’’, – თქვა მწვრთნელმა.

ტავენომ აგრეთვე აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობა არ მოწონს: „ეს ცნობა იოლად ვერ მივიღე, რადგან მეცში სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩამოვედი და ერთ-ერთი პირველი რაც ვთქვი ის იყო, რომ კაპიტნის შეცვლას არ ვაპირებდი, რადგან საამისო მიზეზი არ მქონდა’’.

ამრიგად, გუნდის ახალმა თავკაცმა დაადასტურა, რომ ეინისთვის სამკლავურის ჩამორთმევა მისი გადაწყვეტილება არ იყო, ასე კლუბის დირექტორატმა მოინდომა.

შემდეგ მწვრთნელს ჰკითხეს, თუ როგორ მიიღო სიახლე თავად ფეხბურთელმა. ტავენომ უპასუხა: „თუ გუშინდელი ვარჯიშით ვიმსჯელებთ, კაპიტნობიდან გადაყენებას მასზე არ უმოქმედია. შესაძლოა გულს მოეშვა კიდეც, რადგან გუნდის კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა. მგონი კაპიტნობიდან გადაყენებას ბევრი პლიუსიც ახლავს’’.

კითხვაზე, თუ ვინ უკაპიტნებს გუნდს პარასკევს „ლილის’’ წინააღმდეგ, ტავენომ უპასუხა: „ვიცი ვინც უკაპიტნებს, მაგრამ ამის შესახებ ჯერ თავად მას უნდა დაველაპარაკო’’.