Vinicius Junior and Kylian Mbappe of Real Madrid CF celebrates victory after the game the LaLiga EA Sports match between Real Madrid CF and Rayo...უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ, რომ „რეალის’’ ფეხბურთელები ბევრს არ დარბიან. ამ მხრივ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს კილიან მბაპეს, რომელიც ახალი მწვრთნელის ან უფრო სწორად დროებითი მწვრთნელის ალვარო არბელოას ხელში ხელშეუხებელია ― მიმდინარე სეზონში, 30 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა. მბაპემ უბურთოდ მუშაობას ჩაბი ალონსოს დროს, განსაკუთრებით მისი თავკაცობის ბოლო კვირებში მოუკლო, თუმცა ეს ამბავი დიდიე დეშამს არ აკვირვებს.

Cadena SER-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა თქვა: „ზოგი ფეხბურთელი მეტს დარბის, ზოგი კი ნაკლებს, მაგრამ ვფიქრობ სარგებელი, რომელიც მათ გუნდისთვის მოაქვთ ამით არ იზომება. თუ თქვენ გინდათ, რომ მბაპემ თამაშში საშუალოდ 11 კილომეტრი ირბინოს, შეგიძლიათ თავი არ შეიწუხოთ. ის ამას არ გააკეთებს. მოგწონთ ეს თუ არა, ახალგაზრდობას კილიანი უყვარს. დიახ, მას ეგოისტისა და ინდივიდუალისტის სახელი გაუვარდა, მაგრამ თავდამსხმელი უნდა იყოს კიდეც ეგოისტი. მეორე მხრივ გარწმუნებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებში ის იქცევა როგორც ნამდვილი კაპიტანი’’.

დეშამის ამ სიტყვების მიუხედავად მადრიდული პრესა წუხს, რომ მაღალი პრესინგის ეპოქაში „რეალი’’ პრობლემის წინაშე დგას, რადგან პრესინგს თავდამსხმელები იწყებენ, ხოლო „ლოს ბლანკოსს’’ ისეთი ფორვარდები ჰყავს როგორებიც არიან მბაპე და ვინისიუს ჟუნიორი, რომელთაც უბურთოდ სირბილი არ უყვართ.