საინტერესო რამ მოხდა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასულ ტურში. მოგეხსენებათ, მომდევნო უიქ-ენდზე „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატი იწყება და ბრონკან-ბორტოლამის სამწვრთნელო დუეტმა 34 მორაგბეს უხმო შვეიცარიასთან მატჩის წინ. სიტყვამ მოიტანა და ვთქვათ, რომ ილია სპანდერაშვილმა ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და გაფართოებულ განაცხადში მას „შავი ლომის“ მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე შეცვლის.
ჰოდა, ნაკრებში გამოძახებულთაგან 15-მა ტოპ 14-სა და პრო დ2-ში ითამაშა, მხოლოდ 3-მა შეძლო თავის ინდივიდუალურად გამოჩენა, არადა ორივე ლიგაში ჯამურად 5 ქართული ლელო დაიდო და თბილისში წამსვლელთაგან ერთადერთი ვანო კარკაძე იყო ლელოს ავტორთა შორის.
„რასინგ-92“-ის მარცხენა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა „პერპინიანი“ დაალელოვა, თავის გუნდს 37:31 მოაგებინა, ხოლო საკუთარ კარიერაში ტოპ 14-ის 124-ე მატჩში მე-4 ლელო იზეიმა.
გიორგი ძმანაშვილი „კლერმონის“ რიგებში 65-ე წუთზე გამოჩნდა და გაწითლებულ დროში ლელო გაიტანა, რომელმაც მის გუნდს კასრში სანუგეშო ბონუსი მოუტანა – 23:28. ეს იყო მარჯვენა ბურჯის მე-2 ლელო მიმდინარე სეზონის მე-5 მატჩში, სულ კი მას ამ ლიგაში 18 მატჩი აქვს.
დავით ნინიაშვილმა მორიგი შედევრალური ლელო თავის ყოფილ გუნდსაც გაუტანა. „ლა როშელმა“ საკუთარ მოედანზე „ლიონთან“ მოულოდნელად 24:44 წააგო, ხოლო „ნინიმ“ ლიონელთა დაცვა მარჯვენა ფლანგზე ისე გაარღვია, მცველები არც კი შეიმჩნია. ეს იყო ნინიაშვილის მე-7 ლელო ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის 13 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე ევროპის უძლიერესი სარაგბო ლიგის 74 მატჩში 28 ლელოა!
პრო დ2-ში „ორიაკმა“ „ვალანს რომანს“ საკუთარ მოედანზე 32:28 სძლია და მასპინძელთა ბურჯმა ირაკლი მჭედლიძემ პირველი ნახევრის მიწურულს სეზონში თავისი მე-2 ლელო იზეიმა, თანაც ეს მატჩი ირაკლისთვის პრო დ2-ში საიუბილეო – 50-ე გახლდათ, ლელო კი ჯამში მესამეა.
ჰოდა, არც ნინიაშვილი, არც გოგიჩაშვილი, არც ძმანაშვილი და არც მჭედლიძე ხსენებულ გაფართოებულ რაზმში არ ფიგურირებენ. ვანო კარკაძემ კი „ოიონაქსში“ პირადი ანგარიში 3 ლელომდე გაზარდა, თუმცა მისი გუნდი ლიგის ლიდერ „ვანთან“ 29:32 დამარცხდა და ბონუს-ქულასღა დასჯერდა.
„ორიაკის“ ხსენებულ გამარჯვებას რომ დავუბრუნდეთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთ ლიდერ „ვალანს რომანთან“ გამარჯვებაში ქართული წვლილი ირაკლი მჭედლიძის ლელოთი როდი შემოიფარგლება – ჩინებულ ფორმაში მყოფმა თედო აბჟანდაძემ გუნდს 2-2 ჯარიმა-გარდასახვით 10 ქულა შესძინა, ხოლო დაჩი პაპუნაშვილმა თამაშის ბოლოს ერთი გარდასახვა მიითვალა, რამაც ქართული ქულების საერთო ჯამი 17 ქულას გაუტოლა. ჰო, აუცილებლად უნდა აღინიშნოს თედოს ბრწყინვალე სალელოვე პასი, რომელიც მან ფეხით ავსტრალიელ გარემარბ ბენ ოდონელს გაუკეთა.
თედოც და დაჩიც თბილისში ბორჯღალოსანთა შეკრებას შეუერთდნენ და დიდი ალბათბით შვეიცარიასთან ითამაშებენ.






