ავსტრალიის ღია პირველობის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია.
კაცთა შორის ორივე ნახევარფინალში მაგარი ბრძოლა იყო და ორივე ხუთსეტიანი გამოდგა; ქალთა შორის კი გამარჯვებულები მარტივად გამოვლინდა.
ესპანელმა კარლოს ალკარასმა გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაამარცხა – 6:4; 7:6; 6:7; 6:7; 7:5. მატჩი ხუთ საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ავსტრალიური სლემის ისტორიაში მესამე ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა აღმოჩნდა. არადა, ზვერევი ახლოს იყო ფინალთან, მეხუთე სეტში მატჩზეც აწვდიდა, მაგრამ აქედან მოყოლებული ალკარასი შეუჩერებელი გახდა. ექვსი დიდი სლემის მფლობელი ალკარასი პირველად ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში… თუ მოიგებს, კარიერულ დიდ სლემს შეასრულებს.
ოთხი საათი და 26 წუთი გაგრძელდა მეორე ნახევარფინალი. ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეიტინგის მეორე ნომერი, იანიკ სინერი დაამარცხა – 3:6; 6:3; 4:6; 6:4; 6:4. ორჯერ იგებდა სინერი სეტებში, მაგრამ სერბმა ლეგენდამ ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიცია ჩაშალა. ბოლო სამი „დიდი მუზარადის“ ფინალში ერთმანეთს ალკარასი და სინერი ხვდებოდნენ. ახლა იმავეს გაკეთება ავსტრალიაშიც შეეძლოთ, მაგრამ ეს ნოლემ არ დაუშვა…
ჯოკოვიჩმა მაგრად ჩაატარა დასკვნითი ნაწილი და 2023 წლის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაბრუნდა, რომელიც 10-ჯერ აქვს მოგებული.
ქალთა შორის ფინალში ბელარუსი არინა საბალენკა და ყაზახი ელენა რიბაკინა ითამაშებენ. საბალენკამ უკრაინელი ელინა სვიტოლინა ორ სეტში, 6:2; 6:3 დაამარცხა და ავსტრალიურ ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა. მსგავსი შედეგისთვის ქალთა შორის არავის ჰქონია. საბალენკამ ავსტრალიის ღია პირველობა 2023 და 2024 წლებში მოიგო.
რიბაკინამ კი ამერიკელ ჯესიკა პეგულას ასევე ორ სეტში მოუგო – 6:3; 7:6. მეტნაკლები ბრძოლა მეორე სეტში იყო, სადაც რიბაკინა ტაი-ბრეიკზე უკეთესი იყო. ყაზახ ჩოგბურთელს ავსტრალიურ ფინალში 2023 წელსაც უთამაშია და სწორედ საბალენკასთან დამარცხდა.





