სარაგბო ევროპაში კონტინენტური საკლუბო ტურნირების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და აბა, როგორ იქნებოდა, ქართველ ლეგიონერებს თავი ინდივიდუალურად არ გამოეჩინათ. ბაჩუკი ჭუმბაძემ „ექსეტერის“ შემადგენლობაში სადებიუტო ლელო გაიტანა, შემდეგ მეორეც მიაყოლა, ხოლო დავით ნინიაშვილმა და გიორგი მელიქიძემ თავთავიანთი საოცარი სეზონები კიდევ თითო ლელოთი გაამდიდრეს.

ჩემპიონთა თასი

ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში უჩვეულოდ ბევრმა – შვიდმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. „ა“ პულის აუტსაიდერმა „კლერმონმა“ ტურნირი უქულოდ დაასრულა, როცა აფრიკაში „შარქსთან“ 12:50 განადგურდა. ამ შეხვედრაში „ვულკანებს“ შორის ბოლო 32 წუთი გიგა თუთისანმა ითამაშა, ხოლო დასკვნითი ნახევარი საათი – გიორგი ძმანაშვილმა.

„ბ“ პულში „ტულონმა“ ინგლისში „გლოსტერს“ ბონუსით მოუგო – 31:14, ხოლო გიორგი ჯავახია თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო. „ტულონმა“ 14 ქულით პულში მე-2 ადგილი დაიკავა და ცხადია, მერვედფინალშიც გავიდა.

„გ“ პულში „ბაიონმა“ შინ ირლანდიურ „ლენსტერთა“ 13:22 წააგო და „კლერმონივით“ უქულოდ და ბოლო ადგილზე დაასრულა ტურნირი. ნიკა ლომიძე ფრანგული კლუბის სასტარტოში იყო და 52 წუთიც ითამაშა.

ამავე ექვსეულში მეტად დრამატული ამბები დატრიალდა – „ლა როშელმა“ საკუთარ მოედანზე ინგლისური „ჰარლიქუინზის“ წინააღმდეგ ქულაც ვერ მოიპოვა – 17:27, არადა მერვედფინალში გასვლისთვის ეს კინკილაც კმაროდა. რეაურად კი, ფრანგული კლუბი მე-5 ადგილზე გავიდა და ჩელენჯ თასზე გააგრძელებს თამაშს. დავით ნინიაშვილი სასტარტოში იყო და უკვე მე-11 წუთზე დაუსხლტა ლონდონელებს. ეს იყო მისი მე-2 ლელო მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ მესამე მატჩში, ხოლო შარშანწინა „სარასენსთან“ დადებული ლელოს ჩათვლით მისი მონაგარი ჩემპიონთა თასის4 მატჩში 3 ლელოს უდრის. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „ლა როშელში“ ბოლო 10 წუთი სანდრო ქუნთელიამ ითამაშა.

და ბოლოს, „დ“ პულის შესახებ: „პო“ საკუთარ არენაზე აფრიკულ „ბულზს“ მასპინძლობდა და ბასკებს იგივე შეემთხვათ, რაც „ლა როშელს“ – 24:26 წააგეს და ჩელენჯ თასზე გადაერთვებიან. გურამ პაპიძემ 54 წუთი ითამაშა.

ჩელენჯ თასი

ამ ტურნირიში, „შავი ლომის“ გამოკლებით, 10-მა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც ორმა ლელოს გატანა მოახერხა.

„გ“ პულში ირლანდიურმა „ალსტერმა“  „სტად ფრანსეს“ პირველი ტაიმი 26:0 მოუგო, თუმცა მეორე ნახევრის დებიუტში გიორგი მელიქიძემ თავისი მორიგი ლელოთი პარიზელებს ფრთები შეასხა და საბოლოო ანგარიშიც 26:19 დაფიქსირდა, რამაც მელიქიძის კლუბს ბონუსი მოუტანა. „სტად ფრანსე“ მერვედფინალშია, ხოლო მელიქიძის ფენომენალრი სეზონის სტატისტიკა შემდეგია: ჩელენჯ თასის 2 მატჩში 2 ლელო, ხოლო ტოპ 14-ში – 13 მატჩი და 6 ლელო. ბურჯისთვის სასწაული შედეგიანობაა! პარიზელთა მეორე ქართველმა – სერგო აბრამიშვილმა ბოლო 35 წუთი ითამაშა.

ამავე პულის სხვა მატჩში ინგლისურმა „ექსეტერმა“ უელსური „კარდიფი“ მშრალზე დატოვა – 31:0. ბაჩუკი ჭუმბაძემ სტუმრებს არც აცია, არც აცხელა და სასტარტო 19 წუთში უკვე წყვილი ლელოებით იწონებდა თავს. 24 წლის ბურჯმა შეტევაში საოცარი აგრესია და მოხერხებულობა გამოავლინა და ეს იყო მისი პირველი და მეორე ლელოები როგორც „ექსეტერის“ შემადგენლობაში, ისე ჩელენჯ თასზეც, სადაც მას „შავ ლომში“ გატარებული წლების ჩათვლით 10 მატჩი დაუგროვდა.

ორივე ტურნირის პლეი-ოფი 3-5 აპრილს გაიმართება.