შაბათს, 17 საათზე თბილისის სარაგბო სტადიონ „ავჭალაზე“ პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზ „შავი ლომის“ არსებობის ისტორიაში ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩი დაიწყება – ბორჯღალოსნების საბაზო გუნდი დაუპირისპირდება იტალიის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ დონორს – პარმულ ფრენჩაიზ „ძებრეს“.
თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს: თუკი „შავი ლომი“ მეტოქეს დაამარხცებს და თან 4 ან მეტ ლელოს გაიტანს, ქართული გუნდი პირველად გავა ჩელენჯ თასის პლეი-ოფში, ოღონდ ამისთვის საჭიროა, რომ „ძებრემ“ ვერც 4 ან მეტი ლელოსთვის მიიღოს ბონუსი და ვერც 7 ან ნაკლები ქულით მარცხისთვის. ასე რომ, თუკი ჩვენი ამოცანა 5 ქულის მოპოვებაა, იტალიელებს მიზნის მისაღწევად კინკილა ქულაც ეყოფათ.
„შავი ლომი“ და „ძებრე“ ერთმანეთს შარშან სექტემბერში საკონტროლო მატჩში გადაეყარნენ. ის თამაში პარმაში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 26:12. თუმცა, თამაშის ხასიათი სულაც არ ყოფილა საბოლოო შდეგის შესაბამისი – რამდენიმე საბედისწერო შეცდომა რომ არა, მოგება ქართველებსაც შეეძლოთ.
რაც შეეხება შემადგენლობას, „შავ ლომს“ დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ბურჯი ნიკა ხატიაშვილი, რომელმაც მარქაფაში გიგა კობახიძე შეცვალა. გვყავს პოტენციური დებიუტანტიც – ფულბექი რომა მახათაძე, რომელიც სავარაუდოდ შალვა აფციაურს ჩაანაცვლებს. რატომ აფციაურს, რომელიც ამპლუით გარემარბიია? იმიტომ, რომ „შავი ლომის“ ახალმა დამრიგებელმა, იტალიელმა მარკო ბორტოლამიმ შალვა ლუკა თაყაიშვილის ნაცვლად სწორედ ფულბექად გაამწესა სასტარტო შემადგენლობაში, თორემ თოდუა-ტაბუცაძის მრავალნაცადი წყვილი კვლავაც მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე იქნება. ესაა პირველი სიურპრიზი იტალიელი სპეციალისტისგან და იმედია, ტრევიზოს „ბენეტონში“ მისი წარმატებული კარიერა დაგვეხმარება იტალიის რანგით მეორე ფრენჩაიზის ძლევაში.
„შავი ლომის“ შემადგენლობა „ძებრესთან“ მატჩში:
- ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპიტანი), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე, 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა ცირეკიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 12. თორნიკე კახოიძე, 13. დემურ თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. შალვა აფციაური.
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. რომან მახათაძე.





