„მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, მორაგბე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ამიერიდან მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის სახელით იარსებებს და მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

მოგეხსენებათ, 2017 წელს საქართველომ ისტორიაში პირველად უმასპინძლა ხსენებულ ტურნირს და საყოველთაო აღიარებით, ეს იყო სანიმუშოდ ორგანიზებული სპორტული ღონისძიება. მაშინ ჩემპიონი ახალი ზელანდია გახდა, რომელმაც ფინალში ინგლისი 64:17 დაამარცხა. მას მერე საქართველომ არაერთხელ გამოთქვა ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი და როგორც იქნა, ეს მოთხოვნა 2026 წელს დაკმაყოფილდა.

16-გუნდიან პირველობას თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ. „ა“ და „გ“ პულების ერთწრიან შეჯიბრებას თბილისის „ავჭალა“ უმასპინძლებს, ხოლო „ბ“ და „დ“ პულების მატჩებს ქუთაისის „აია არენა“ მიიღებს.

ოთხივე პულის გამარჯვებულები პლეი-ოფში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მეორეადგილოსნები – მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ, მესამეადგილსნები – მე-9-მე-12 ადგილებს, ხოლო პულების აუტსაიდერები, შესაბამისად – მე-13-მე-16 ადგილებს გაინაწილებენ. პლეი-ოფის თითოეული სტადია 2 დღედ თბილისის „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. ჯგუფური ეტაპი სტარტს 27 ივნისს აიღებს, ხოლო ფინალი 18 ივლისს გაიმართება.

რაც შეეხება ახალგაზრდა ბორჯღალოსნების მეტოქეებს, „ა“ პულში ქართველებთან ერთად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, უელსი და ურუგვაი მოხვდნენ. საქართველოს ნაკრებისა და მთლიანობაში ხსენებული ოთხეულის მატჩები „ავჭალაზე“ გაიმართება.

ბ პული (ქუთაისი): ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია, იაპონია.

გ პული (თბილისი): არგენტინა, ინგლისი, ირლანდია, აშშ.

დ პული (ქუთაისი): საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ფიჯი.

Luke Jacobson of New Zealand and Zach Mercer of England poses with the trophy during the World Rugby via Getty Images U20 Championship Final...