მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე ევროპაში საკლუბო თასების ჯგუფური ეტაპი განახლდა და ჩელენჯ თასზე ჩვენი „შავი ლომის“ ისტორიული ბონუსიანი გამარჯვებითაც გავიხარეთ.
ჩემპიონთა თასი
ევროპის მთავარი ევროთასის მესამე ტურში სამიოდე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი ძმანაშვილი თავისი „კლერმონის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა „ვულკანები“ საშინაო მატჩში „გლაზგო უორიორზთან“ 21:33 დამარცხდნენ და შოტლანდიელებს პლეი-ოფის მონაწილეობა გაუნაღდეს, თავად კი წინსვლის ყოველგვარი შანსი დაკარგეს.
დავით ნინიაშვილმა კი თავისი შედეგიანი სერია გააგრძელა და თვით ირლანდიური გრანდი „ლენსტერიც“ დაალელოვა. 22-ე წუთზე „ნინი“ მასპინძელთა ჩათვლის მოედანში შევარდა და ეფექტური ლელო დააფიქსირა, რომელიც მისთვის მეორე იყო ჩემპიონთა თასზე ჯამურად გამართულ მესამე მატჩში. აღსანიშნავია, რომ ნინიაშვილისა და სანდრო ქუნთელიას „ლა როშელი“ „ლენსტერს“ 24:22 ამარცხებდა, მაგრამ გაწითლებულ დროში ირლანდიელებმა ჯარიმით წინ გასვლა მაინც შეძლეს – 25:24. ორივე გუნდმა თითო ბონუსიც მიიღო და შედეგად „ლენსტერი“ პლეი-ოფში ნაადრევად გავიდა, ხოლო „ლა როშელს“ 6 ქულა აქვს და ბოლო ტურში ინგლისური „ჰარლიქუინზის“ შინ დამარცხება მართებს, რომელსაც პლეი-ოფში გასვლა ასევე დაბევებული აქვს.
ჩელენჯ თასი
ქართული „შავი ლომის“ შესანიშნავ გამარჯვებაზე უკვე გიამბეთ, მაგრამ ჯგუფის სხვა მატჩებზე – არა. ჰოდა, უნდა ითქვას, რომ ჩვენი გუნდის სატურნირო მდგომარეობას გარკვეული პერსპექტივები აქვს, ოღონდ ყველაფერი თავად „შავ ლომზეა“ დამოკიდებული.
ლუკა ჯაფარიძის „მონპელიემ“ ირლანდიურ „კონახტს“ მძიმე ბრძოლაში რის ვაი-ვაგლახით მოუგო – 33:31, თავადაც მიიღო ბონუსი და მეტოქესაც გაატანა, თან ორი – ლელოებისთვის და მცირე სხვაობით მარცხისთვისაც..
„ძებრემ“ უელსური „ოსპრეიზი“ 23:19 დაამარცხა და კიდევ კარგი, ნუგეშ-ქულა გაატანა მეტოქეს და თავად მხოლოდ 4 ქულა მიიღო.
შედეგად, 15-ქულიანი „მონპელიე“ და 11-ქულიანი „ოსპრეიზი“ პლეი-ოფში გარანტირებულად გავიდნენ და თანაც ბოლო ტურში უელსში ერთმანეთს ეთამაშებიან. „კონახტს“ 8 ქულა აქვს, ბოლო ტურში წყალწაღებულ „მონტობანს“ მიიღებს და უდიდესი ალბათობით დაამარცხებს კიდეც, ხოლო „შავ ლომს“ 5 ქულა აქვს და ბოლო ტურში „მესხზე“ 9-ქულიან „ძებრეს“ უმასპინძლებს.
დაწინაურების ვარიანტი შემდეგია – „შავმა ლომმა“ იტალიურ ფრენჩაიზს ბონუსით უნდა მოუგოს და სტუმრებს ქულა არ ააღებინოს. თუ საბოლოო ქულები გათანაბრდება, „ძებრეს“ უპირატესობა ექნება, რადგან აქ გატანილ-გაშვებული ქულები იქნება პრიორიტეტში, სადაც 3 ტურის ჯამში „ძებრეს“ +4 აქვს, ხოლო „შავ ლომს“ – -60. გამოდის, რომ თუ თუ ძებრემ ბონუსი აიღო, „შავმა ლომმა“ იმავდროულად 33-ქულიანი სხვაობით უნდა დაამარცხოს, რაც ნაკლებადაა სავარაუდო…
ცნობისთვის, ჩელენჯ თასის პლეი-ოფში ჯგუფიდან 4 გუნდი გადის.
მე-3 ტურში საინტერესო კიდევ ის მოხდა, რომ გიორგი მელიქიძემ ბაჩუკი ჭუმბაძის „ექსეტერს“ ლელო გაუტანა, „სტად ფრანსემ“ 27:25 იმარჯვა და პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა. მელიქიძე კი ტოპ 14-ში შედეგიან თამაშს არ დასჯერდა და კარიერაში ჩელენჯ თასზე ჩატარებულ 26-ე მატჩში მე-2 ლელო გაიტანა.





