აფრიკის თასზე ალჟირმა სუდანს 3:0 მოუგო. ამ შეხვედრის წინ ალჟირელთა სასტარტო შემადგენლობაზე ბევრს მსჯელობდნენ. ყურადღების ცენტრში რასაკვირველია ცნობილი რიად მაჰრეზი იყო. 34 წლის ვეტერანი გულშემატკივარს „მანჩესტერ სიტიში’’ გატარებული ხუთი წლით ახსოვს, ახლა კი ის საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰლიში’’ თამაშობს. ბევრს ლაპარაკობენ აგრეთვე ლუკა ზიდანის დებიუტზე. ლეგენდარული ზინედინ ზიდანის ვაჟი ალჟირის ეროვნულ გუნდში სულ ორიოდ კვირაა რაც აიყვანეს. ზიდანების ისტორიული სამშობლოს ნაკრებს რაის მბოლის წასვლის შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ კარში უჭირდა და ლუკამაც უკან არ დაიხია. ცნობისთვის: 39 წლის მბოლი პარიზელია ანუ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ალჟირული ფეხბურთი მნიშვნელოვანწილად საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი ფეხბურთელებით იკვებება.
ლუკა ზიდანის თამაშს ტრიბუნიდან მამა და ძმები ადევნებდნენ თვალს. მან თავი არ შეირცხვინა. ზიდანმა ალჟირელები რამდენიმე გოლის გაშვებისგან იხსნა. ყოველთვის, როდესაც ის ბურთს შეეხებოდა გულშემატკივარი ოვაციას უწყობდა, რაც უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო მამამისს ეკუთვნოდა ვიდრე ლუკას. მას მერე, რაც მაჰრეზმა ანგარიში გახსნა (მე-2 წუთზე), ალჟირელები მოეშვნენ, რითაც სუდანელებმა ისარგებლეს, შეუტიეს და ესპანური „გრანადას’’ კარის მცველს მე-10 წუთზე ორმაგი მოგერიება მოუწია, რამაც საკუთარი თავის რწმენა გაუძლიერა. ტაიმის მიწურულს ზიდანმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდში გამოიჩინა თავი. შემდეგ კი სუდანელებს ნახევარმცველი სალაჰელდინ ალჰასანი გაუძევეს და თამაშის ბედიც ფაქტობრივად მანდ გადაწყდა. 61-ე წუთზე მაჰრეზმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, 85-ზე კი „ლევერკუზენის’’ 20 წლის ნახევარმცველმა იბრაჰიმ მაზამ მესამეც შეაგდო.
მატჩის შემდეგ ალჟირელთა ბოსნიელმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა თქვა: „ვფიქრობ, ზიდანმა გუნდს შესძინა სიმშვიდის განცდა. ზურგი მოშიშვლებული აღარ არის. მან ფეხითაც კარგად ითამაშა და გამოსვლებზეც მომეწონა. ეს იყო დებიუტი, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ჩვენ მას უნდა ვენდოთ’’.
ალჟირისა და სუდანის შეხვედრამ იმითაც მიიქცია ყურადღება, რომ ალჟირელთა მხარდასაჭერად რაბატის „პრინც მულეი ჰასანის სტადიონზე’’ მაროკოელი გულშემატკივარიც მრავლად მივიდა. ისინი მსვლელობით ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე შეუერთდნენ ალჟირელებს. მათი ნაწილი სავარაუდოდ უბილეთოდ იყო და სარბიელზე შეძვრომას ცდილობდნენ. შეგახსენებთ, რომ აფრიკის ჩემპიონატს მაროკო მასპინძლობს.





