
„ლივერპულისა’’ და „ბრაიტონის’’ შეხვედრის წინ მერსისაიდელთა გარშემო მთავარი თემა კვლავ მოჰამედ სალაჰის ამბავი იყო. მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე მწვრთნელმა არნე სლოტმა თქვა: „მე მოს ამ დილით დაველაპარაკები’’. ეს იმას ნიშნავდა, რომ პარასკევამდე ჰოლანდიელს და ეგვიპტელს პრობლემის გადაწყვეტა უშუალოდ არ უცდიათ.
მწვრთნელმა დასძინა, რომ მათი საუბრის შედეგი გადაწყვეტს რა მოხდება შაბათს, ვეტერანი ვარსკვლავი გუნდს დაუბრუნდება თუ კვლავ დისტანციაზე ეყოლებათ.
სლოტმა აღიარა, რომ „სანდერლენდთან’’ თამაშის (4 დეკემბერი) მერე ბევრი საუბარი შედგა ფეხბურთელისა და კლუბის წარმომადგენელებს შორის, ის პირადადაც არაერთხელ ელაპარაკა ეგვიპტელის აგენტებს, მაგრამ საკითხი ვერ მოგვარდა. კლუბმა გადაწყვიტა სალაჰი მილანში „ინტერთან’’ ჩემპიონთა ლიგის თამაშზე არ წაეყვანათ და მწვრთნელი ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი თანაავტორი იყო.
„მსურს ამ საკითხზე მომდევნო კომენტარი უკვე მასთან ერთად გავაკეთო. მე არ მაქვს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მინდოდეს მისი „ლივერპულში’’ დარჩენა’’, ― თქვა ჰოლანდიელმა.
„ლივერპულის’’ ლეგენდა სტივენ ჯერარდი კი კი გაღიზიანებული ჩანდა. მისი აზრით სალაჰის ინტერვიუში იყო ფრაზები, რომელიც არ უნდა თქმულიყო და ახლა ფეხბურთელს მწვრთნელისთვის ბოდიშის მოხდა მართებს.
თავისი აზრი გამოთქვა ეგვიპტელმა ვეტერანმა მიდომაც, რომლის მტკიცებით, როდესაც მოთამაშეს მწვრთნელზე გული უცრუვდება, მერე ურთიერთობის აღდგენა ძნელია და ამიტომ ის დროა სალაჰმა „ენფილდი’’ დატოვოს.
არის მოსაზრება, რომ სალაჰს რასაკვირველია სრული უფლება აქვს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მოსწონდეს, მაგრამ რას როგორ იტყვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, „ინტერთან’’ სტუმრად გამარჯვებამ აჩვენა, რომ დანარჩენი ფეხბურთელები მწვრთნელს მხარში უდგანან, რაც აჯანყებული სალაჰის პოზიციებს ასუსტებს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ როდესაც სალაჰი სასტარტო შემადგენლობაში იყო გუნდმა შვიდიდან ექვსი მატჩი წააგო, ხოლო როდესაც არ ათამაშეს, ზედიზედ ოთხი შეხვედრა არ წაუგია.





