გასულ უქმეებზე რაგბის ქომაგთა ყურადღება ევროთასებზე იყო გამახვილებული – ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე პირველი ტური გაიმართა.

ჩემპიონთა თასი

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ეგიდით მოქმედი ჩემპიონთა თასი კონტინენტის მთავარი საკლუბო ტურნირია და მისი ამჟამინდელი ჩემპიონი ფრანგული „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ტიტულის დაცვა საკმაოდ დამაჯერებლად დაიწყო – პრეტორიის გრანდიოზულ „ლოფტუს ფერსფელდზე“ ადგილობრივი „ბულზი“ 46:33 დაამარცხა.

Levan Chilachavaრაც შეეხება ქართულ ლეგიონს, რომელიც თითქმის სრულად საფრანგეთში მოღვაწეობს, ჩემპიონთა თასის სტარტზე ხუთმა ჩვენებურმა ითამაშა, თუმცა, მათგან კმაყოფილი მხოლოდ დავით ნინიაშვილი თუ დარჩებოდა.

„ნინის“ „ლა როშელმა“ სოლიდურ ინგლისურ „ლესტერს“ 39:20 მოუგო და ბონუსიც მიიღო.

აი, დანარჩენებისთვის კი ჩემპიონთა თასის სტარტი წარუმატებელი გამოდგა. ახალგაზრდული ნაკრების ექს-კაპიტან ნიკა ლომიძეს სულაც დებიუტი ჰქონდა პროფესიულ დონეზე – 20 წლის მესამეხაზელი „ბაიონის“ სასტარტოში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა, მისი გუნდი კი შინ სამხრეთაფრიკულ „სთორმერზთან“ 17:26 დამარცხდა.

ევროპის მთავარ ტურნირზე დებიუტი „კლერმონის“ ბურჯ გიორგი ძმანაშვილსაც ჰქონდა, ვინც ბოლო ნახევარი საათი ითამაშა ლონდონში „სარასენსის“ წინააღმდეგ. „ვულკანები“ ინგლისურ გრანდთან უიმედოდ დამარცხდნენ – 10:47.

ტოპ 14-ის ერთ-ერთმა ლიდერმა „პომ“ საკუთარ მოედანზე მოულოდნელი მარცხი განიცადა – ინგლისურ „ნორთემპტონთან“ 27:35 წააგო. მასპინძელთა მარქაფაში გურამ პაპიძე იყო, რომელმაც 35-ედან 74-ე წუთამდე ითამაშა.

ყველაზე გამოცდილი ქართველი ლეგიონერის ლევან ჩილაჩავას „კასტრმა“ კი გლოსტერში ფაქტობრივად უბრძოლველად წააგო – 14:34. ჩილაჩავა თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო.

ჩელენჯ თასი

„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის სტარტზე „მონპელიესთან“ 13:24 რომ წააგო, ამაზე შაბათს წვრილად გიამბეთ. ოდესღაც „შავი ლიმისვე“ წევრმა ნიკა აბულაძემ მონპელიელთა შორის ბოლო 26 წუთი ითამაშა.

ამ პულს ლიდერად კი მოულოდნელად იტალიური „ძებრე“ მოევლინა, რომელმაც ნუგზარ სომხიშვილის „მონტობანი“ 41:14 გაანადგურა. ქართველ ბურჯს ევროპული დებიუტი ჰქონდა, რომელიც პირველიდან 54-ე წუთამდე გაგრძელდა.

„შავი ლომის“ პულის მესამე მატჩი უელსში შედგა, სადაც იქაურმა „ოსპრეიზმა“ ჩვენს უახლოეს მეტოქე ირლანდიურ „კონახტს“ 24:21 სძლია, 4 ლელოსთვის ბონუსი მიიღო და მეტოქეს მცირე სხვაობით წაგებისთვისაც დაუთმო ნუგეშ-ქულა. ამდენად, პირველზე „ძებრე“ დაფუძნდა, მას კვალში „მონპელიე“, და „ოსპრეიზი“ უდგანან. სამივეს 5-5 ქულა აქვს, მერე მოდის 1-ქულიანი „კონახტი“, რომელსაც უქულო „შავი ლომი“ და „მონტობანი“ მისდევენ.

გია ხარაიშვილისა და ვლადი აშვეთიას „რასინგ-92“-მა ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი სირცხვილი ჭამა – იქურ „ალსტერთან“ გამანადგურებელი მარცხი განიცადა – 7:61. ორივე ჩვენებურს ჩელენჯ თასზე დებიუტი ჰქონდა, თუმცა ხარაიშვილს ადრე ჩემპიონთა თასზეც უთამაშია.

Sergo Abramishvili prolonge pour 3 ans avec le Stade Françaisსერგო აბრამიშვილმა საწყისი 58 წუთი ითამაშა, ხოლო მისმა „სტად ფრანსემ“ უელსური „კარდიფი“ ბონუსით, 38:17 დაამარცხა.

„ლიონმა“ შინ ინგლისის მაჩანჩალა „ნიუკასლთან“ 14:23 წააგო. ბექა შვანგირაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 44-ე წუთზე თავი პირველი საევროთასო ლელოთი ისახელა

ტოპ 14-ის წყალწაღებულმა მაჩანჩალა „პერპინიანმა“ კი შიდა ჩემპიონატის ჯავრი ჩელენჯ თასზე იყარა – უელსურ „დრაგონსს“ ბონუსით მოუგო – 41:17. კატალონიელთა შორის ოთხმა ჩვენებურმა ითამაშა – გიორგი თეთრაშვილი და ანდრო დვალი სასტარტოში იყვნენ, ხოლო მატჩის მიწურულს შეცვლაზე დავით ლაგვილავა და გელა აფრასიძე შევიდნენ. ლაგვილავა 20 წლის მეორეხაზელია და ეს იყო მისი დებიუტი პროფესიონალთა შორის. რაც შეეხება გელას, ბორჯღალოსანი 9 ნომერი თამაშში 73-ეზე შევიდა და უკვე 3 წუთში ზუსტად შესრულებული გარდასახვით ჩელენჯ თასზე პირადი ანგარიში გახსნა.

დაბოლოს, ბაჩუკი ჭუმბაძის შესახებაც, რომელსაც შარშან და შარშანწინ „შავი ლომის“ კვართით ჩელენჯ თასზე 7 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მე-8 კი უკვე ინგლისური „ექსეტერის“ სახელით გამართა და სასტარტო შემადგენლობაშიც აღმოჩნდა, მისმა გუნდმა კი აფრიკული „ჩიტასი“ 42:12 გაანადგურა.