მო სალაჰმა „ლივერპულს’’ მის ავტობუსის ქვეშ ჩაგდებაში დასდო ბრალი. ეგვიპტელი შაბათს „ლიდსისა’’ მერსისაიდელების შეხვედრაში (3:3) სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მატჩის დამთავრების შემდეგ კი თქვა, რომ კარიერას არ დაამთავრებს კლუბში, სადაც ვიღაცას მისთვის ხელების შეწმენდა სურს. 33 წლის ვარსკვლავმა დაუფარავად ილაპარაკა: „ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ამ კლუბის წინაშე დიდი ღვაწლი მიმიძღვის. ეს კარგად ჩანდა წინა სეზონში, მაგრამ ამ სეზონშიც თვალსაჩინოა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ კლუბი ჩემს ავტობუსის ქვეშ ჩაგდებას ცდილობს. სწორედ ასე ვგრძნობ თავს. მკაფიოდ ჩანს, რომ ვიღაცას ხელების ჩემზე შეწმენდა უნდა’’.
„ლივერპული’’ გასული სეზონის ჩემპიონია, მაგრამ ტიტულის დაცვა უჭირს. სადღეისოდ გუნდი მე-8 ადგილზეა და ლიდერ „არსენალს’’ 10 ქულით ჩამორჩება. სალაჰმა გასულ სეზონში ყველა შეჯიბრებაში ერთად 34 გოლი შეაგდო, მიმდინარეში კი პრემიერლიგის 13 შეხვედრაში სულ ოთხჯერ გაიტანა.
მწვრთნელ არნე სლოტთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე გარემარბმა თქვა: „ადრე ბევრჯერ მითქვამს, რომ მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ დადგა დღე, რომლის მერეც დავინახე, რომ ჩვენ საერთოდ აღარ გვაქვს ურთიერთობა. რატომ, არ ვიცი. ეს ჩემთვის მიუღებელია. ვერ ვხვდები რატომ ხდება ასეთი რაღაც მუდამ ჩემს თავს. ვერ გეტყვით რატომ აღმოვჩნდი ასეთ დღეში, მაგრამ ფაქტია, რომ თავს სწორედ ასე ვგრძნობ. გეგონება პრობლემას წარმოვადგენდე და ამიტომ ავტობუსის ქვეშ ჩამაგდეს, მაგრამ არ მგონია პრობლემა მე ვიყო. ამ კლუბისთვის მართლა ბევრი რამ მაქვს გაკეთებული. პატივისცემას ვიმსახურებ. ჩემი პოზიციისთვის ბრძოლა ყოველ დღე არ უნდა მჭირდებოდეს. მე ეს პოზიცია დავიმსახურე. ამ გუნდის მაისურით უფრო მეტი გოლი მაქვს გატანილი ვიდრე თაობის რომელიმე სხვა ფეხბურთელს. მეტიც, რაც პრემიერლიგაში გადმოვედი არა მგონია ვინმეს ჩემზე მეტი გოლი გაეტანოს ან საგოლე პასი ჩაეწოდებინოს. მახსოვს, ერთი ხნის წინ ჰარი კეინს ათი თამაშის განმავლობაში ვეღარ გაჰქონდა გოლები, სულ ერთი თუ ორი შეაგდო. ამის მიუხედავად მთელი მედია წერდა: „ო, ჰარი გაიტანს, ეს არაფერი’’. მაგრამ, როდესაც საქმე მოს ეხება, ყველა ყვირის, რომ სათადარიგოთა სკამზე უნდა დავჯდე’’.
ეგვიპტელმა, რომელსაც „ლივერპულის’’ მაისურით 250 გოლი აქვს გატანილი თქვა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მწვრთნელთან ილაპარაკა.
„მე შევხვდი მწვრთნელს. მან ჩემი განცდების შესახებ იცის. მეგონა „ლივერპულთან’’ ახალ კონტრაქტს გავაფორმებდი და კარიერასაც აქ დავასრულებდი, მაგრამ ეს როგორც ჩანს კლუბის გეგმებში არ შედის. ზაფხულში ძალიან ბევრ რამეს დამპირდნენ, მაგრამ როგორც ხედავთ სამი თამაშია სათადარიგოთა სკამზე ვზივარ. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორია როდესაც შინიდან კლუბში მიდიხარ და წარმოდგენაც კი არ გაქვს შემადგენლობაში მოხვდები თუ არა. მაპატიეთ, მაგრამ „ლივერპულში’’ ბევრი წელიწადია ვთამაშობ და აქაურობა კარგად ვიცი. ხვალ ნახავთ ისევ როგორ დამესხმება თავს ჯეიმი კარაგერი. ისევ, ისევ და ისევ.
მე შემდეგ შაბათს „ენფილდზე’’ მოვალ და აფრიკის თასზე გამგზავრების წინ ხალხს მივესალმები, მაგრამ რა მოხდება სანამ იქ ვიქნები, არ ვიცი’’.
თავის მხრივ არნე სლოტმა „ლიდსთან’’ შეხვედრაში სალაჰის სკამზე ჯდომა ტაქტიკური მოსაზრებებით ახსნა.





