სანაკრებო პერიპეტიების შემდეგ ევროპის წამყვანი ეროვნული ჩემპიონატების ერთი ტურით გააქტიურება მოხდა – მომდევნო კვირის ბოლოს უკვე ევროთასების სტარტია.
ტოპ 14
„სტად ფრანსემ“ კლერმონში დიდი ბრძოლა გადაიტანა, 32:36 დამარცხდა, ნუგეშ-ქულა მიიღო და 31 ქულით ლიდერთა ჯგუფში მე-4 საფეხური შეინარჩუნა. „ვულკანებში“ ნაკრებიდან დაბრუნებული გიორგი ახალაძე სასტარტოში იყო, ხოლო პარიზელთა ძირითად 15-ეულში სეზონში პირველად გამოჩნდა სერგო აბრამიშვილი. გიორგი მელიქიძე კი თამაშში ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მე-16 წუთზე ჩაერთო და 43-ეზე ლელოების ფენომენალური სერია გააგრძელა. ეს იყო მელიქიძის მე-5 ლელო სეზონის მე-10 მატჩში, სულ კი მას ტოპ 14-ში 10 ლელო დაუგროვდა ლიგის 129 თამაშში.
ორი ქართული ლელო ტურის დასკვნით მატჩში დაფიქსირდა. „პომ“ „ლა როშელს“ ბონუსით, 53:33 მოუგო და ლიდერ „ტულუზთან“ 2-ქულიანი ჩამორჩენაც და მეორე ადგილიც შეინარჩუნა. ბასკთა და პარალელურად ბორჯღალოსანთა კაპიტანმა ბექა გორგაძემ თავისი მე-15 ლელო გაიტანა და მოქმედ ქართველთაგან მხოლოდ დავით ნინიაშვილს ჩამორჩება, რომელიც 25 ლელოთი ძალიან შორსაა გაჭრილი. „ნინიმ“ ხსენებულ მატჩში შეცვლაზე ითამაშა და ერთხელ პარტნიორს ბრწყინვალე გარღვევით ეფექტურად გაატანინა, თუმცა ამ ჯერზე თავად ვერ იხეირა, სამაგიეროდ, მისმა თანაკლუბელმა სანდრო ქუნთელიამ იყოჩაღა, ლელო დადო და კარიერის 53-ე მატჩში მე-3 ლელო იზეიმა.
„ტულუზი“ 39 ქულით ლიდერობს – „რასინგ-92“-ს 48:24 სძლია და ბონუსიც მიითვალა.
„ტულონმა“ მესამე საფეხური ბონუსიანი მოგებით შეინარჩუნა – „მონტობანს“ 54:28 მოუგო. გიორგი ჯავახია ზღვისპირელთა სასტარტოში იყო და 47 წუთი ითამაშა.
ბოლო ადგილზე კი, კინკილა ქულის ამარა, „პერპინიანი“ რჩება, რომელმაც კასტრში 7:23 წააგო და ეს მისი ზედიზედ მე-11 მარცხია.
პრო დ2
„ორიაკმა“ „ანგულემს“ მისსავე მოედანზე 20:15 მოუგო და ამ 20 ქულიდან 8 საკუთარ ანგარიშზე დაჩი პაპუნაშვილმა ჩაიწერა, რომელმაც ორი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა. ამ ლიგას 44 ქულით მიშიკო ალანიას „ვანი“ ლიდერობს. მას კვალში ილია სპანდერაშვილის „ვალანს რომანი“ უდგას, რომელიც ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება.
პრემიერშიპი
„ბრისტოლმა“ „ნორთემპტონი“ ბონუსით დაამარცხა – 46:12. ეროვნული ნაკრებიდან „დათვებში“ დაბრუნებულმა ლუკა ივანიშვილმა კი თამაშის გაწითლებულ დროში ჯერ დერეფანი მოიგო, შემდეგ კი მოლს ულიდერა, რაც ბურთის დამიწებითაც დააგვირგვინა. ლუკამ პრემიერშიპში მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა და ინგლისურ კარიერაში პირველი ლელო გაიტანა. მისი გუნდი სანუკვარი ოთხეულიდან ერთ ნაბიჯში, მე-5 საფეხურზეა.ს





