ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორი ტური დარჩა და ტიტულისთვის ბრძოლაში ისევ თანაბრობაა – მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ და „დილა“ უკვე რა ხანია მხარდამხარ მიდიან. ამჯერად მათ 74-74 ქულა მოაგროვეს, მაგრამ თბილისელებს პირად შეხვედრებში აქვთ უპირატესობა და ლიდერებიც ამად არიან.

ოთხშაბათს შეიძლებოდა გორელები „გაქცეულიყვნენ,“ ისინი დამაჯერებლად უგებდნენ 2:0 „სამგურალს“ და წყალტუბოელებმა მხოლოდ დამატებულ წუთებზე (90+1) შეძლეს ერთი საპასუხო ბურთის გატანა.
„იბერიას“ კი მძიმე შეხვედრა გამოუვიდა „დინამოსთან.“ ამირან ძაგანიამ მხოლოდ 81-ე წუთზე შეძლო იბერიელთა დაწინაურება.
ახლა „იბერიას“ ორი მატჩი დარჩა სათამაშო, „გარეჯთან“ სტუმრად და „გაგრასთან“ შინ. „დილა“ კი უმოტივაციო „კოლხეთს“ ესტუმრება და თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.
მოკლედ, ახლა ყველაფერი „იბერიაზეა“ დამოკიდებული, თუ ორივე დარჩენილი მატჩი მოიგო, ტიტულს შეინარჩუნებს და ისევ ჩემპიონი გახდება.
„კოლხეთი“ ვახსენეთ და ფოთელები 34-ე ტურში ოფიციალურად დაქვეითდნენ ლიგა 2-ში, საიდანაც 6-წლიანი პაუზის შემდეგ „რუსთავი“ დაუბრუნდა ელიტას.
„ტორპედომ“ ბოლო 10 მატჩიდან მერვე მოიგო, ამჯერად სწორედ „კოლხეთთან“ – 4:0, 59 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოსთვის და ევროსაგზურსთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „დინამოს“ 4 ქულით გაუსწრო. კვლავ გაიტანა ქუთაისელთა ნორვეგიელმა შემტევმა ბიორნ იონსენმა. ახლა მას ჯამში 19 გატანილი ბურთი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავასაც ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე წყალტუბოელი გიორგი ფანცულაიაა 16 გოლით.
თელავი 1:2 ბათუმი
0:1 კალანდარიშვილი (35), 0:2 მანდრიჩენკო (61), 1:2 კუტალია (68)
გაგრა 4:1 გარეჯი
1:0 ხარებაშვილი (14), 2:0 მუჯირი (37), 3:0 ცინცაძე (60), 4:0 გოცირიძე (76), 4:1 თოლორდავა (90+2)
ტორპედო 4:0 კოლხეთი
1:0 ღუდუშაური (5), 2:0 ანდრიჩი (39), 3:0 იონსენი (52), 4:0 მამუჩაშვილი (74)
იბერია 1:0 დინამო
1:0 ძაგანია (81)
გაძევება: ვაწაძე (90+6) – დინამო
დილა 2:1 სამგურალი
1:0 ბასინგა (14), 2:0 კონტე (41), 2:1 ჯანჯღავა (90+1)





