საფრანგეთში ტოპ 14-ის მე-10 ტური გაიმართა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნოემბრის ტესტ-მატჩები იმართებოდა. ასეა თუ ისე, უამრავი წამყვანი მორაგბის გარეშე დარჩენილ 14 საუკეთესო ფრანგულ კლუბს შიდა პირველობისთვისაც უნდა მიეხედათ.
ტური ბორდოში, ევროპის საკლუბო ჩემპიონისა და „პოს“ ცხარე ჯახით დაიწყო და ბასკმა სტუმრებმა თამაშის ანგარიში პირველივე შეტევით გახსნეს. წამმზომს 2 წუთი ახალი ათვლილი ჰქონდა, როცა პოელების ვეტერანმა ქართველმა ლექსო ყაულაშვილმა ძალიან მაგარი ლელო გაიტანა – ძელებსშუა თითქოს ჩიხში შესული რაქიდან ოფლოუდი მიიღო, სოლიდური წონის მიუხედავად კარგი უკანახაზელივით იფინტავა და კისერზე ჩამოკიდებულ ორ ბორდოელთან ერთად თავისი ყოფილი გუნდის ჩათვლის მოედანზე ბურთის დადება მაინც მოახერხა. ეს ეფექტური ლელო პირველი იყო ლექსოსთვის მიმდინარე სეზონში, სულ კი, 33 წლის ბურჯის ანგარიშზე ტოპ 14-ის 168 მატჩი და 9 ლელოა. საბოლოოდ „პომ“ სტუმრად მეტად მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა – 34:33, 32 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მოქმედ ჩემპიონ „ტულუზს“ ჩამორჩება, რომელმაც მონტობანში ადგილობრივი გუნდი 49:7 გაანადგურა და 34 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა.
ტურის დასკვნით მატჩში კი „სტად ფრანსემ“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი „ტულონი“ დიდი სხვაობით, 51:24 დაამარცხა, ბონუსიც მიიღო და 30 ქულით ცხრილის მესამე საფეხურზე დაფუძნდა. ეს მატჩი გიორგი მელიქიძის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პარიზელთა 29 წლის ქართველმა ბურჯმა ფანტასტიკურად ითამაშა, ორი შესანიშნავი ლელო გაიტანა, სეზონური ანგარიში 9 მატჩში 4 ლელოს გაუტოლა, ხოლო ტოპ 14-ში კარიერული მონაგარი – 128 მატჩსა და 9 ლელოს. გიორგი მელიქიძე და ლექსო ყაულაშვილი ჩატარებული მატჩების რაოდენობით მოქმედ ქართველ მორაგბეთაგან მხოლოდ ლევან ჩილაჩავას ჩამორჩებიან, რომელსაც გასულ ტურში არ უთამაშია.
რაც შეეხება მელიქიძეს, მას ეს დასამახსოვრებელი მატჩი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დასახელებითაც დაუფასდა.
მარცხის მიუხედავად, „ლა როშელმა“ საპლეიოფო ექვსეულში ადგილი შეინარჩუნა. ქართველთაგან სანდრო ქუნთელიას ამარა დარჩენილმა ბისკაისყურისპირელებმა ხსენებულ „კასტრს“ უმასპინძლეს და 17:19 წააგეს. სანუგეშო ბონუსის დამატებით „ლა როშელს“ 26 ქულა დაუგროვდა, რაც მე-6 ადგილისთვისაა საკმარისი.
„პერპინიანი“ უპირობო აუტსაიდერად დარჩა. ამჯერად კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე „მონპელიესთან“ უშანსოდ წააგეს – 0:28. შედეგად, გუნდი 1 ქულით ცხრილის ფსკერზეა. 20 წლის ანდრო დვალმა პერპინიანელთა შორის ბოლო 27 წუთი ითამაშა.





