ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მოედანზე თავს გაცილებით თავისუფლად გრძნობს ვიდრე მიკროფონების წინ, მოვალეობას თავი გაართვა და ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ტოტენჰემ ჰოთსფურთან’’ მატჩამდე პრეს-კონფერენციაზე დასმულ კითხვებს უპასუხაო, წერს „პარიზიენი’’.
მიმდინარე სეზონში ქართველი ევროპულ სარბიელზე კარგად თამაშობს, ორი გოლი შეაგდო. მან თქვა, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაშია და მის განვითარებაში ლუის ენრიკემ დიდი წვლილი შეიტანა.
დიდი ხანი არ არის გასული, რაც პსჟ-მ „ბაიერნთან’’ წააგო. ამ ფონზე „ტოტენჰემთან’’ გამარჯვება რამდენად მნიშვნელოვანია?
„ბაიერნთან’’ რთული მატჩი გვქონდა, თუმცა მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ. ახლა მორიგი შანსი გვეძლევა, თავი უნდა გამოვიჩინოთ. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავიღებთ.
თქვენს თამაშში რის გამოსწორება შეგიძლიათ?
ვფიქრობ, ბევრი მიმართულებით შემიძლია განვვითარდე. ამაზე ვმუშაობ. შემიძლია გაცილებით მეტი გოლი გავიტანო, მეტი საგოლე პასი ჩავაწოდო. ვცდილობ, ყოველ დღე ჩემი თავის უკეთესი ვერსია გავხდე,
ყველა ხედავს, რომ დაცვაში ბევრს მუშაობთ. ეს იოლად გეძლევათ?
ადრე ასე ნამდვილად არ ვიყავი. ძირითადად შეტევაზე ვიყავი კონცენტრირებული. მერე მივხვდი, რომ დაცვაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ძალ-ღონეს არ ვიშურებ, 100 პროცენტით ვიხარჯები. დაცვაში თამაში მწვრთნელის წყალობით გავაუმჯობესე. როდესაც მატჩი მთავრდება ვიცი, რომ 100 პროცენტით დავიხარჯე და ყველაფრისთვის მზად ხარ.
სეზონის დასაწყისში ფიზიკურად გაგიჭირდათ. ამ მხრივ ახლა უკეთ გრძნობთ თავს?
რასაკვირველია, თავიდან ძნელი იყო. ხანგრძლივი სეზონის შემდეგ წესიერად ვერ დავისვენეთ. კარგ ფიზიკურ ფორმაში დაბრუნება იოლი არ გამოდგა, მაგრამ სუპერთასი მოვიგეთ. ახლა სრულიად მზად ვართ, რასაც ყოველ შეხვედრაში ვამტკიცებთ. დღეს თავს დიდებულად ვგრძნობ.
რას ფიქრობთ „ტოტენჰემზე’’?
ისინი კარგად თამაშობენ, კარგად უტევენ და თავსაც კარგად იცავენ. სუპერთასზე 0:2-ს ვაგებდით და თამაშის შემოტრიალება მოვახერხეთ. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობთ. ნამდვილად მზად ვართ.
აშრაფ ჰაკიმის არყოფნას კომპენსაციას რით გაუკეთებთ?
აშრაფის შეცვლა ძნელია. გასულ სეზონში ის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მან დამსახურებულად მოიპოვა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი. ვულოცავ. მწვრთნელი ცდილობდა მის გარეშე თამაშის სხვადასხვა ვარიანტები დაემუშავებინა. ვფიქრობ, ჰაკიმი მართლაც ფანტასტიკური ფეხბურთელი და დიდებული ადამიანია. ჩვენ ის გვჭირდება და იმედი გვაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება.
რას იტყოდით მიმდინარე სეზონში „პარი სენ ჟერმენის’’ ახალგაზრდა ფეხბურთელების შერწყმაზე გუნდში?
არაჩვეულებრივი ახალგაზრდები გვყავს. ისინი ბევრს მუშაობენ. ხანდახან გავიწყდება, რომ 16-17 წლისანი არიან. ისინი მოწადინებულები არიან და ეს ფანტასტიკურია. პსჟ-ს დიდებული აკადემია აქვს. ეს ბიჭები მზად არიან პროფესიულ დონეზე ითამაშონ და თუ ასე მუშაობას განაგრძობენ, მომავალში საუკეთესო ფეხბურთელთა შორის იქნებიან.
რა შეიტყვეთ ფრანგული ფეხბურთის შესახებ მას მერე რაც პსჟ-ში გადახვედით?
ფრანგული ფეხბურთის შესახებ მანამდეც გამეგო. ხალხი ამბობდა, რომ საფრანგეთში თამაში ადვილი იყო, მაგრამ სინამდვილეში გაცილებით რთულია, ვიდრე ჩანს. აქ თამაშობენ სწრაფად და ძალისმიერად. ყველას ჩვენი დამარცხება უნდა. ამ ლიგაში გამარჯვება იოლი არ არის. საფრანგეთის ლიგა ევროპის ტოპ-ხუთი ლიგიდან ერთ-ერთია.
იზიარებთ იმ აზრს, რომ მარცხენა ფრთაზე თავს უფრო კარგად გრძნობთ ვიდრე მარჯვნივ?
ყველამ იცის, რომ მარცხნიდან თამაში მიყვარს, მაგრამ ფეხბურთში ადაპტაცია უნდა შეძლო, უნივერსალური მოთამაშე უნდა გახდე. ეს ყოველთვის იოლი გასაკეთებელი არ არის, მითუფრო, რომ ჩემი კარიერის დიდი ნაწილი მარცხნივ მაქვს გატარებული. იმედი მაქვს, საბოლოოდ მარჯვნივაც ისე კარგად ვითამაშებ, როგორც მარცხნივ.





