სენეგალელმა ვარსკვლავმა სადიო მანემ რიო ფერდინანდის პოდკასტში „ლივერპულის’’ დროინდელი ამბები გაიხსენა და მოჰამედ სალაჰთან ურთიერთობაზე ილაპარაკა. მანე მერსისაიდელებს 2016 წელს შეუერთდა და 2022 წლამდე დაჰყო. ის, ბრაზილიელი რობერტო ფირმინო და ეგვიპტელი სალაჰი გუნდის მრისხანე თავდასხმის ხაზს ქმნიდნენ. მათ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი (ძველი ფორმულით), ევროპის სუპერთასი, მაგრამ იყო ერთი შეხვედრა, „ბარნლისთან’’, როდესაც მანე სალაჰს შემოსწყრა. ის დღე წითლების გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ. მართალია „ლივერპულმა’’ 3:0 მოიგო, მაგრამ ერთ ეპიზოდში სალაჰმა კარს თავად შეუტია და ჩინებულ პოზიციაში მყოფ მანეს პასი არ მიაწოდა. სენეგალელს ამ მომენტისთვის უკვე ჰქონდა გოლი გატანილი, მაგრამ გაბრაზდა და კარგა ხანს ვერ მალავდა ემოციას. ეს ყველაფერი კარგად ჩანს ვიდეოზე, რომელსაც ინგლისში დიდხანს ატრიალებდნენ.
ამ ინციდენტის გამო ხშირად ამბობდნენ, რომ მანესა და სალაჰს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა სენეგალელმა ისტორია სხვანაირად გაიხსენა და შეაფასა:
„ის დიდი ფეხბურთელია. ყველა ამბობს, რომ ჩვენს შორის დაპირისპირება იყო, მაგრამ ეს არ… არ მგონია ეს ცუდი რამ იყოს. მე კი წყნარი ადამიანი ვარ, გუნდში ყველასთან ვმეგობრობ. ვფიქრობ მო ძალიან კარგი ბიჭია. დიახ, ის კარგი ბიჭია, მაგრამ მოედანზე ხან მაძლევდა პასს, ხან არ მაძლევდა, ხან მაძლევდა, ხან არ მაძლევდა… იქ, ჩვენ გარდა ბურთს მხოლოდ ბობი (ფირმინო) ითხოვდა.
დღემდე მახსოვს ერთი თამაში, როდესაც მოს ჩემთვის ბურთი უნდა მოეწოდებინა, მაგრამ არ მომაწოდა და ამის გამო ძალიან გავბრაზდი. ეს იყო ბარნლიში. გავმწარდი. მეორე დღეს ის ჩემთან მოვიდა. ლაპარაკი უნდოდა, მაგრამ არ იცოდა როგორ დაეწყო. მას ეგონა, რომ სიბრაზემ არ გადამიარა, რადგან თამაშის მერე ერთმანეთი არ გვინახავს, სახლებში წავედით. მოკლედ, მოვიდა და მკითხა: შეიძლება დავილაპარაკოთ? „არ არის პრობლემა’’, – ვუპასუხე მე. და მერე მან ასეთი რაღაც მითხრა: „გგონია შენთვის პასის მოცემა არ მინდოდა? როდესაც ბურთი მივიღე, ვერც კი დაგინახე. გოლის გატანა მინდოდა. შენი საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს. გულწრფელად გეუბნები. რომ დამენახე და შენთვის პასის მოცემა შემძლებოდა, მოგცემდი’’.
ამაზე ვუპასუხე: დამშვიდდი, ეს ყველაფერი უკვე ძველი ამბავია. ჩაიარა. მე იმიტომ გავბრაზდი, რომ ვფიქრობ, შენი დონის ფეხბურთელს ჩემთვის მეტი კარგი პასის მოწოდება შეუძლია, – მეთქი.
ამის შემდეგ კიდევ უფრო დავახლოვდით. ასეთი რაღაც კი ხანდახან ხდება, რადგან როდესაც თავდამსხმელი ხარ და ბურთი გაქვს, ვეღარავის ამჩნევ. მჯერა, რომ ის ამას განზრახ არ მიკეთებდა. უბრალოდ, მას უნდოდა გაეტანა, გაეტანა და გაეტანა’’.
მაგრამ, როდესაც მანეს ხუთკაცა სიმბოლური ნაკრების დასახელება სთხოვეს სენეგალელმა მასში სალაჰი არ შეიყვანა. მისი ნაკრები ასეთი იყო: ვირჯილ ვან დაიკი, ფილიპე კოუტინიუ, კალიდუ კულიბალი, კრიშტიანუ რონალდუ და რობერტო ფირმინო.





