საიტი liverpoolecho წერს, რომ „ლივერპულში’’ მეკარეებთან დაკავშირებით დელიკატური ვითარება შეიქმნა. გუნდს ჰყავს დიდი ალბათობით მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ალისონ ბეკერი. მის თადარიგში მოიაზრება გიორგი მამარდაშვილი, რომელშიც „ლივერპულმა’’ 29 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ქართველმა ევრო 2014-ზე გაიბრწყინა. მიუხედავად იმისა რომ „ლივერპულთან’’ კონტრაქტი გააფორმა, ის ერთი წლით იჯარის წესით „ვალენსიაში’’ დარჩა. ესპანეთში გატარებულ სამ სეზონში მან დაამტკიცა, რომ კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მეკარეა, მაგრამ „ლივერპულში’’ თამაშის ხათრით ძირითადი გოლკიპერის სტატუსი დათმო. ის უკვე დარწმუნდა, რომ ალისონის ტრავმის გამო შიგადაშიგ შეიძლება მერსისაიდელთა რიგებში თამაშის შესაძლებლობა მიეცეს, მაგრამ პირველი ნომერი ცალსახად ბრაზილიელია, რაშიც ეჭვს ვერავინ შეიტანს.

საიტი იხსენებს კევინ კელეჰერს, რომელიც 18 მილიონ გირვანქად „ბრენტფორდში’’ სწორედ იმიტომ გადავიდა, რომ მისი სათადარიგოობა აღარ შეიძლებოდა. მამარდაშვილი კი უცნაურ მდგომარეობაშია – „წითელთა’’ შორის მის მეორეობას ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ქართველში იმდენი ფულია გადახდილი, რომ უნებურად ეჭვს აღძრავს ალისონის გეგმებთან დაკავშირებით.
„ლივერპულის’’ ყოფილ მეკარეს კრის კირკლენდს ორივე გოლკიპერის მდგომარეობა ესმის. კირკლენდი ინგლისის ნაკრების ყოფილი გოლკიპერია, რომელშიც მერსისაიდელებმა თავის დროზე სარეკოდრო თანხა, 6 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. რასაკვირველია ეს გაცილებით ნაკლებია 65 მილიონზე ანუ იმ თანხაზე, რომელიც „ლივერპულმა’’ 17 წლის მერე ალისონში გადაიხადა, მაგრამ რეკორდი რეკორდია.
ამრიგად, 2001 წელს კირკლენდმა „ქოვენთრიში’’ მთავარი მეკარის პოზიცია დათმო და თავისი ბავშვობის კლუბის „ლივერპულის’’ ეშხით ირჟი ირჟი დუდეკის კონკურენტი გახდა. ახლა ის ამბობს, რომ კარგად ესმის მამარდაშვილის: „მის მდგომარეობაში ყოფნა ძალიან ძნელია, მაგრამ როდესაც კონტრაქტს ხელს აწერ, იცი რომ სწორედ ასე მოხდება’’.
კრის კირკლენდმა liverpoolecho-ს ყოველთვიურ გამოცემას „სისხლივით წითელს’’ თავისი ახალი ავტობიოგრაფიული წიგნისადმი (Keeping It Quiet’ – The Chris Kirkland Story) მიძღვნილ ინტერვიუში ასე უთხრა:
„როდესაც გუნდში მეორე მეკარედ მიდიხარ კარგად იცი, რომ შემადგენლობაში მოხვედრის ორი შანსი გაქვს, პირველი მეკარე ან უნდა დაშავდეს, ან დრამატულად დაკარგოს ფორმა. მამარდაშვილს თამაში მოუწევს, წინ უამრავი მატჩია. არ ვიცი როგორია ალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ახლა მწვრთნელის თავისტკივილი ქართველზეა დამოკიდებული. მან უნდა აგრძნობინოს სლოტს, რომ როდესაც ალისონი გამოჯანმრთელდება და მოედანზე დაბრუნდება, გუნდს მასთან შელევა მოუწევს, ეს მძიმე დანაკარგი იქნება.
ამის გაკეთება რასაკვირველია ძნელია, რადგან გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად უკიდურესად მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს. თან, რეგულარული თამაშიდან სკამზე დაჯდომა რთული შესაგუებელია, მაგრამ მამარდაშვილი „ლივერპულში’’ რომ მოდიოდა იცოდა რაც დახვდებოდა. მას სავარაუდოდ ეგონა, რომ ალის ჩაანაცვლებდა, მაგრამ გულის სიღრმეში იმასაც ხვდება, რომ მოცდა მოუწევს. და როდესაც შანსი ჩაუვარდება, უნდა ისარგებლოს.
მამარდაშვილმა მატჩები გაშვებული გოლს გარეშე უნდა დაასრულოს, გუნდს მოგებებში დაეხმაროს. მთავარი ეს არის. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობენ ფანები ან რას წერს მედია. გადაწყვეტილებას მწვრთნელი და მისი შტაბი იღებენ.
ალისონი ბოლო ხუთი თუ ექვსი წელიწადია მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ხშირად შავდება, მაგრამ სამაგიეროდ, როდესაც ის მოედანზეა, ჩვენ ვიცით რასაც ვიღებთ. ადრე თუ გვიან მას ვიღაც შეცვლის, მაგრამ ჯერჯერობით ორი ან სამი წელიწადი კიდევ წინ აქვს.
მამარდაშვილი მზად უნდა იყოს და როდესაც შანსი მიეცემა კარგად უნდა ითამაშოს. ეს ან ტრავმის გამო მოხდება ან ფორმის დაკარგვის გამო, თუმცა ალისონი ფორმას იშვიათად კარგავს. ვერც კი ვიხსენებ მის ცუდ თამაშს, მიჯრით ორ ცუდ თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ. მოკლედ, „ლივერპულში’’ მეკარეების საქმე კარგად არის, მაგრამ ამ კლუბს სწორედ ორი მაღალი დონის კარის მცველი სჭირდება’’.





