2024 წლის აგვისტოში ხულიან ალვარესმა „მანჩესტერ სიტი’’ დატოვა. ის 90 მილიონ ევროდ „ატლეტიკომ’’ იყიდა, რითაც წერტილი დაესვა ჭორაობას იმის შესახებ თუ სად გადავიდოდა არგენტინელი, „ბარსელონაში’’ თუ „პარი სენ ჟერმენში’’.
თავდამსხმელი, რომელმაც მანჩესტერში ორი წელიწადი გაატარა, პარიზელთა ინტერესის საგანი ოფიციალურად არასდროს ყოფილა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა „ფრანს ფუტბოლისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ასე თქვა:
„შარშან, სანამ „ატლეტიკოში’’ გადავიდოდი, ჩემსა და პსჟ-ზე ბევრს ლაპარაკობდნენ. მართალიც იყო. პარიზული კლუბის ხელმძღვანელებსა და ჩემს აგენტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. პარიზელებს ჩემი შეძენა უნდოდათ, მაგრამ გარიგება ვერ შედგა’’.
დღეს 25 წლის არგენტინელს „ატლეტიკოსთან’’ 2030 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული, მაგრამ მედია კვლავ მის ტრანსფერზე ლაპარაკობს. თურმე არგენტინელი ზემოთ უკვე ნახსენებ „ბარსელონას’’ 37 წლის რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად მოუაზრებია.
„ვკითხულობ რაც სოციალურ ქსელში იწერება და საქმის კურსში ვარ. ესპანეთში ჩემსა და „ბარსელონაზე’’ მართლაც ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება მომავალში. ჯერჯერობით „ატლეტიკოზე’’ ვარ ფოკუსირებული. დანარჩენს სეზონის ბოლოს შევაჯამებთ’’, ― გულწრფელად უპასუხა ალვარესმა.
„პარიზიენი’’ კი საკითხს დახურულად არც პსჟ-თვის მიიჩნევს და წერს, რომ არავინ იცის სეზონის ბოლოს საფრანგეთის ჩემპიონი არგენტინელის ყიდვას ისევ შეეცდება თუ არა. მეორე მხრივ გაზეთი შეგვახსენებს, რომ 2024 წლის ზაფხულში კლუბმა ხულიან ალვარესის შეძენისგან თავი შეიკავა, ზამთარს, უფრო სწორად კი ქართველ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას დაელოდა და ისტორიაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა.





