Trent Alexander-Arnold of Real Madrid CF during the UEFA Champions League match, between Real Madrid and Olympique de Marseille, matchday 1, played...„ლივერპულის’’ ფანები აღშფოთდნენ. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, რომელიც გასულ ზაფხულს მათი სათაყვანებელი კლუბიდან „რეალში’’ გადავიდა ვიდეო დადო, სადაც ამბობს, რომ უკვე ხუთი თვეა რაც მასწავლებელთან, კერძოდ სარა დუკესთან ესპანურში მეცადინეობს.

„მანამდე ესპანურად ერთ სიტყვასაც ვერ ვამბობდი. მინდოდა მესწავლა ენა, რათა ურთიერთობა მქონოდა თანაგუნდელებთან. მწვრთნელთან და „რეალის’’ ფანებთან’’, ― თქვა ფეხბურთელმა.

გამოდის, რომ ალექსანდერ-არნოლდს ესპანურის სწავლა მაისში დაუწყია, როდესაც „ლივერპულის’’ ხელმძღვანელებს გამოუცხადა, რომ მათთან ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებდა. შესაბამისად, დადასტურდა ის, რასაც ბევრი ეჭვობდა: „ლივერპულის’’ ვიცე-კაპიტანი კლუბიდან წასვლას იმაზე გაცილებით ადრე გეგმავდა, ვიდრე ამის შესახებ ხმამაღლა თქვა.

ლივერპულში გაახსენდათ მოკლე სიტყვა, რომელიც ტრენტმა ივნისში ესპანურად წარმოთქვა და მიხვდნენ, რომ ადამიანი, რომელმაც ენა საერთოდ არ იცის, ასე ვერ ილაპარაკებდა. ესე იგი, ფეხბურთელი, რომელიც „წითლების’’ მომავალ ლეგენდად და ერთგულების მაგალითად მიაჩნდათ, ღალატს კარგა ხნით ადრე ამზადებდა.

გაახსენდათ ისიც, რომ მასწავლებელმა რომელიც ტრენტმა ახსენა თავისი გაკვეთილების შესახებ ჯერ კიდევ მარტში გამოქვეყნა განცხადება. ერთი სიტყვით, მაშინ, როდესაც ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დაიკი და ეგვიპტელი მო სალაჰი გულშემატკივრებს „ლივერპულის’’ ერთგულების მაგალითს აჩვენებენ, ადგილობრივმა ბიჭმა ესპანეთში გაქცევა ამჯობინა.

დღეს მესისაიდელ ქომაგს ეჭვი აღარ ეპარება, რომ ყველაფერი, „ენფილდზე’’ გამოსათხოვარი სიტყვით დაწყებული „ბერნაბეუზე’’ მისასალმებელი სიტყვით დამთავრებული, კარგად დადგმული სპექტაკლი იყო, რომელსაც გულწრფელობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ალექსანდერ-არნოლდის სიტყვებს – „იმედი მაქვს ჩემი წასვლა „ლივერპულის’’ მომავალ ჩემპიონობას არ დააბრკოლებს’’ – დღეს უგულოს და ყასიდად ნათქვამს ეძახიან.

და ბედის ირონიით 4 ნოემბერს „ენფილდზე’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის ჩასატარებლად სწორედ „რეალი’’ ჩადის. ფანობა ალექსანდერ-არნოლდს სავარაუდოდ აგრესიულად დახვდება. ერთხელაც გავიმეოროთ, ისინი მას არც მეტი-არც ნაკლები მოღალატედ მიიჩნევენ არა მხოლოდ წასვლის, არამედ ტყუილების გამოც. სკაუსერებს მიაჩნიათ, რომ ტრენტს ერჩივნა დაჟინება იმ კლუბის ერთგულებაში გამოეჩინა რომელმაც გაზარდა და არა  ესპანურის სწავლაში.