
რას აპირებს „პარი სენ ჟერმენი’’, ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ახალ ვარსკვლავს იყიდის, თუ ამჯერად თავს შეიკავებს? შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ მან „ნაპოლისგან’’ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა. წლეულს პარიზელებს ბევრი მოთამაშე დაუშავდათ და გაჩნდა ეჭვი, რომ ლუის ენრიკემ შეიძლება ფეხბურთელების ბაზარს ისევ მიაშუროს.
შაბათს, „ლიონთან’’ თამაშის წინა პრეს-კონფერენციაზე პსჟ-ს ესპანელმა მწვრთნელმა ამ კითხვასაც უპასუხა:
„ჩვენ სატრანსფერო ბაზარს ყოველთვის მზად ვხვდებით. ახალი ფეხბურთელის ყიდვა გამორიცხული არ არის, მაგრამ სადღეისოდ ეს ჩვენთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. გაძლიერებაზე არ ვშფოთავთ.
საერთოდ, როდესაც რაღაცას ვგეგმავთ ვცდილობთ გავითვალისწინოთ არა მარტო დადებითი, არამედ უარყოფითი მოვლენებიც. ამწუთას პრობლემები არ გვაქვს. ტრავმები ნებისმიერ გუნდში ჩვეულებრივი ამბავია. ძალიან წყნარად ვართ. ნებისმიერი რთული პერიოდი შესაძლებლობას გვაძლევს სათამაშო დრო მივცეთ სხვა ფეხბურთელებს. დღეს გვეძლევა შესაძლებლობა თავი გამოვამჟღავნოთ როგორც გუნდმა’’.
შემდეგ ლუის ენრიკემ ყველას შეახსენა, რომ „პარი სენ ჟერმენი’’ ლიგა 1-ის ცხრილში პირველ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში მეხუთე ადგილზეა.
„ჩვენ ლიგა 1-ს ვლიდერობთ, ჩემპიონთა ლიგაში კი კარგ პოზიციაზე ვართ, ამაზე უკეთესი რა უნდა გვინდოდეს? მესმის, თქვენ გინდათ, რომ ყველა შეხვედრა 5:0 მოვიგოთ, გოლი საერთოდ არ გავუშვათ და ყველა შეჯიბრებაში გავიმარჯვოთ, მაგრამ ასე არ ხდება. გასულ სეზონში ბევრი სირთულე გადავლახეთ. იგივე მეორდება წლეულსაც’’, ― თქვა პარიზელთა თავკაცმა.
სატრანსფერო ბაზარზე ლაპარაკი კი „ეკიპში’’ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც პსჟ კიდევ ერთ მარჯვენა მცველს ეძებს და თვალი ბარსელონელ ერიკ გარსიაზე აქვს დადგმული.





