Jurgen Klopp, Manager of Liverpool, embraces Pep Guardiola, Manager of Manchester City, prior to the Premier League match between Liverpool FC and...დღეს „მანჩესტერ სიტი’’ „ლივერპულს’’ ხვდება და ეს მანჩესტერელთა თავკაცის პეპ გვარდიოლას მეათასე მატჩია მწვრთნელის რანგში. მას მერე რაც 2007 წელს „ბარსელონა B’-ს ჩაუდგა სათავეში მან 715 შეხვედრა მოიგო. „ბარსას“, „ბაიერნისა’’ და „სიტის’’ გვარდიოლამ ჩემპიონის 12 ტიტული მოაგებინა. მისმა გუნდებმა სამჯერ გაიმარჯვეს ჩემპიონთა ლიგაშიც. მას აღმართული აქვს 14 სხვადასხვა თასი.

გვარდიოლამ მხოლოდ 128 შეხვედრა წააგო.

BBC წერს, რომ კატალონიელმა სპეციალისტმა ინგლისურ ფეხბურთს სახე შეუცვალა. დღეს მას ბევრი მწვრთნელი ბაძავს. თუ მაინცდამაინც სტატისტიკას მივმართავთ, ვნახავთ, რომ პირველად სწორედ გვარდიოლამ მოაგროვებინა გუნდს 100 ქულა, სწორედ მან მოაპოვებინა ტრებლი და სწორედ მან მიიყვანა მიჯრით ოთხ ჩემპიონობამდე.

„შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ზედმეტად მორიდებული ვარ, მაგრამ მოგებათა 70% – ანუ ყოველ 10 შეხვედრაში 7 მოგება და მხოლოდ სამი წაგება ან ფრე – მხოლოდ ისეთ გუნდებშია შესაძლებელი, როგორებიცაა „ბარსელონა’’, „ბაიერნი’’ და „მანჩესტერ სიტი’’. ეს შესაძლებელია მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც მყავდა მე. და რასაკვირველია ამას უნდა დავამატოთ მძიმე შრომა, ერთგულება და ჟინი, რაშიც მართლაც ვერავინ შემედრება. მე მიყვარს იმ საიდუმლოებების შესწავლა, რომელთაც მეტოქეების წინააღმდეგ ვიყენებ. მიყვარს ფეხბურთელების დარწმუნება საკუთარ ძალებში და მათი გაძღოლა. ფეხბურთელები მუდამ მომყვებიან’’.

კითხვაზე, რას იტყვის იმაზე, რომ მას ყველა დროის უდიდეს მწვრთნელს უწოდებენ, გვარდიოლამ ღიმილით უპასუხა: „მართალია! ისტორიაში ყველა მწვრთნელმა თავისი კვალი დატოვა. სტატისტიკაზე დაყრდნობით მეც შემიძლია ვთქვა, რომ მათ შორის ვარ. დიდ წარმატებებს მივაღწიე და ჩემი გუნდების ცქერა სასიამოვნო იყო. ასე რომ მეც იქ ვარ, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ბადალი არ მყავს’’.

გვარდიოლამ უყოყმანოდ განაცხადა, რომ ინგლისში მისი ყველაზე დიდი მეტოქე იურგენ კლოპის „ლივერპული’’ იყო.