კვირას, საქართველოს დროით შუაღამეს 15 წუთი რომ დააკლდება ლიონში ფრანგული ლიგა 1-ის მნიშვნელოვანი მატჩია: მეექვსე ადგილზე მყოფი „ლიონი’’ ლიდერ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს. გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულაა. პარიზელებს ტრავმების გამო აკლიათ აშრაფ ჰაკიმი, ოსმან დემბელე, ნუნუ მენდეში და დეზირე დუე. მათ პარასკევის ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ.
„პარიზიენი’’ ხაზს უსვამს, რომ ერთდღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდნენ ხვიჩა კვარაცხელია და ბრედლი ბარკოლა, რომელთაც ჯერ დარბაზში წაიმუშავეს, შემდეგ კი მოედანზე. ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან’’ 1:2 დამარცხების შემდეგ ფრანგი გარემარბი დაღლილობას უჩიოდა.
„დაძაბული გრაფიკი მოქმედებს და მე ამას უკვე ვგრძნობ. ის ჩემზე გავლენას ახდენს’’, ― თქვა ბარკოლამ მატჩის შემდეგ მიქს-ზონაში. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მას დასვენების საშუალება მისცეს. ფეხბურთელები, „პარიზიენის’’ აზრით კი განსაკუთრებით შემტევები, უზარმაზარ დატვირთვებს ეჭიდებიან.
ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტსაც, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მთავარ გუნდთან ერთად რეგულარულად ავარჯიშებენ 16 წლის მარჯვენა მცველს დავიდ ბოლის. ამბობენ, რომ ჰაკიმის ტრავმამ მას შეიძლება შემადგენლობაში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობა მისცეს.
ყურადღების ღირსია ის ფაქტიც, რომ იბრაჰიმ მბაიე პირველად გამოიძახეს სენეგალის ნაკრებში. ამ ამბის აღსანიშნავად „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელებმა მას ვარჯიშის წინ საპატიო დერეფანი მოუწყვეს.
ფრანგული ფეხბურთის აღზრდილი 17 წლისაა. მან გადაწყვიტა ისტორიული სამშობლოს გუნდში ითამაშოს. „ტერანგას ლომები’’ 15 და 18 ნოემბერს ბრაზილიისა და კენიის ნაკრებებს ხვდება. ტერანგა სენეგალში გავრცელებული სიტყვაა და სტუმარმასპინძლობას, სიკეთეს, გულუხვობას ნიშნავს.





