რა თქმა უნდა, სარაგბო საზომებით აშშ არაა იტალია, მაგრამ ვფიქრობ, ბორჯღალოსნების მატჩი თუნდაც ამერიკელების წინააღმდეგ უფრო სოლიდურ აუდიტორიას იმსახურებს. ბათუმის „აჭარაბეთ არენის“ისედაც მოკრძალებული ტრიბუნები ნახევრად ცარიელი იყო და ამის ხილვა მეტად დამთრგუნველია, აღარაფერს ვიტყვით თავად მოთამაშეებზე, რომელთაც საანგარიშო მატჩის მსვლელობისას არაერთხელ დაჭირდა მინიმუმ ოდნავ მეტი ქომაგობის შეგრძნება.

ასეა თუ ისე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ნოემბრის ტესტების პირველი სესია წარმატებით დახურა – ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს 43:30 მოუგო. აშშ ტრადიციულად უხერხული მეტოქეა ჩვენი ბორჯღალოსნებისთვის და ეს ბათუმშიც დადასტურდა.

თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა მიშა ბაბუნაშვილმა ირაკლი ქვათაძის მიერ მოწოდებული აუტი მოიგო, მოლს ულიდერა, ხოლო ქვათაძემ ამ პროცესში მიღებული ბურთი ლელოში დაამიწა. თედომ გარდასახა და საქართველო 7:0 დაწინაურდა.

თითქოს, გამარჯვებას უკეთესი საფუძველი ვერც ჩაეყრებოდა, მაგრამ „არწივებმა“ ეგრევე გვიპასუხეს შედეგიანი შეტევით. უფრო დაზუსტებით რომ ითქვას, სტუმრებმა აკა ტაბუცაძის ბავშვური შეცდომით ისარგებლეს და ისე გაათანაბრეს ანგარიში. საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მელელოვეს თამაში არც შემდგომში წაუვიდა, არც დავით ნინიაშვილს ჰქონდა საუკეთესო მატჩი, თუმცა, ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ ქართველებმა ოკეანისგაღმელები ფიზიკურად ვერ დაჯაბნეს. 7:7-ს მოჰყვა 7:14, 7:21…

ამის შემდეგღა გამოფხიზლდნენ ბორჯღალოსნები – გიორგი კვესელაძემ დაასრულა ნინიაშვილისა და გიორგი შველიძის კარგი გარღვევა, მერე კი „ნინისთან“ საჰაერო ბრძოლაში უხეშობისთვის ინგლისელმა რეფმა ლუკ პირსმა ამერიკელი მეორეხაზელი გაასინბინა, კაცნაკლულებმა კი ქართველებს ვეღარ გაუწიეს წინააღმდეგობა.

კაპიტანმა ბექა გორგაძემ შეუჩერებელი მოლით შეტევა დააგვირგვინა და აქამდე უშეცდომოდ დამრტყმელმა თედო აბჟანდაძემ მიზანს ააცილა – 19:21. სულ მალე „კვესო“ უკვე ვასილ ლობჟანიძის მახვილგონივრული თამაშის შედეგად შევიდა ლელოში და საქართველო კვლავ დააწინაურა, რასაც თედოს მორიგი ზუსტი გასროლა მოჰყვა – 26:21.

ტაიმის ბოლო წამებზე ამერიკელებმა ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაიტანეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს – 26:24 ბორჯღალოსნების სასარგებლოდ. თამაში უკიდურესად დაძაბული იყო და ტაიმში 7 ლელოც ამის დასტურია.

მეორე ტაიმის დებიუტი სრულიად უნაყოფო გამოდგა ორივე მხარისთვის, ქართველების ფიზიკური უპირატესობა არც დროის ამ მონაკვეთში იკვეთებოდა. უფრო მეტიც – 50-ეზე სტუმრებმა ჩვენი შერკინება დააჯარიმეს და ზუსტი დარტყმით წინაც კი გაიჭრნენ – 27:26.

ჰოდა, ეს კრიტიკული მდგომარეობა იქამდე გაგრძელდა, ვიდრე რიჩარდ ქოქრილი წარუმატებელ სასტარტო პირველ ხაზს გამოცვლიდა. მარქაფიდან ჩართულებმა უმალ აღადგინეს ქართული შერკინების რენომე, პირველხაზელების გარდა ამას ხელი ივანიშვილის ნაცვლად თამაშში შესულმა უმძლავრესმა ილია სპანდერაშვილმაც შეუწყო და ამერიკელების მედგარი წინააღმდეგობა იმ წამიდან უბრალოდ გაქრა. ბორჯღალოსნები შერკინებაში სტუმრებს ისე ერეოდნენ, გაგიკვირდებოდა, როგორ უძალიანდებოდნენ ეს უკანასკნელები წინა ფორმაციის ქართულ შერკინებას. ამ ფაქტორმა მასპინძლები ტოტალურ შეტევაზე გადაიყვანა და მათი უპირატესობა აშკარა გახდა. 64-ე წუთზე, ამერიკული დაცვის ჩეჩქვისას, ლუკა ჯაფარიძემ ღონესთან ერთად ჭკუაც გამოავლინა და საქართველო ისევ დაწინაურდა. ცხადია, აბჟანდაძემაც არ ააცილა – 33:27.

72-ეზე, როცა ქართულმა შერკინებამ მორიგ ჯერზე დაჩაგრა ამერიკული, თედომ ჯარიმა გაიტანა და ჩვენი გუნდი 9 ქულით დააწინაურა – 36:27. 78-ე წუთზე ამერიკელებმა იგივეთი უპასუხეს და ლელო-გარდასახვის დისტანციამდე მიუახლოვდნენ მასპინძლებს – 36:30. მაგრამ სულ ბოლოს ქართველებმა ენერგიული კონტრშეტევა ააგორეს, ბურთი ხელიდან ხელში რამდენჯერმე გადავიდა და ბოლოს ის გელა აფრასიძემ აიტაცა, სტუმრები დაალელოვა, აბჟანდაძემ გარდასახა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 43:30. თედომ მატჩი 13 ქულით დაასრულა და ესეც რომ არა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რიჩარდ ქოქრილი ძალიან უკმაყოფილო იყო პირველი ტაიმით, თუმცა, როგორც ქართველებს სჩვევიათ, ისინი ყოველთვის მძიმედ იწყებენ.

იმედია, 15 ნოემბერს იგივე ადგილას და იგივე დროს კანადელებთან უფრო ნაკლები სანერვიულო და მეტი მაყურებელი იქნება.