Virgil van Dijk and Giorgi Mamardashvili of Liverpool embrace prior to the Premier League match between Liverpool and Aston Villa at Anfield on...სასაცილოა, როგორ შეუძლია მოგებას მარტო სატურნირო ცხრილი კი არა ხალხის დამოკიდებულება შეცვალოს. ამის ნათელი დასტური არნე სლოტის ამბავიაო, წერს „ლივერპულ ექო’’ და შეგვახსენებს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც „ლივერპული’’ ზედიზედ მარცხდებოდა, საკმარისი იყო ჰოლანდიელ მწვრთნელს ტაქტიკური ახსნა-განმარტება დაეწყო, რომ ყველა იძახდა, თავს იმართლებსო. ახლა, როდესაც „წითლებმა’’ „რეალს’’ ჩემპიონთა ლიგაში 1:0 მოუგეს, სლოტი კი კვლავ მომხდარის ტაქტიკურ ანალიზს შეუდგა, ხალხმა გამარჯვების ფორმულას ბოლომდე მოუსმინა. ინგლისის ჩემპიონის თავკაცმა უკნიდან თავდაცვისა და მაღალი პრესინგის შერწყმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

იგივე მოხდა, როდესაც სლოტმა სტანდარტულ მდგომარეობებზე ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ „კრისტალ პალასთან’’, „მანჩესტერ იუნაიტედთან’’ და „ბრენტფორდთან’’ გადამწყვეტი უარყოფითი როლი სწორედ სტანდარტულებმა ითამაშა.

ამრიგად, ის, რაც ერთი კვირის წინ თავის მართლებად მიაჩნდათ, ახლა კრიზისიდან გამოსვლის ხერხად მიიჩნიეს.

„ლივერპულ ექოს’’ აზრით რამდენიმე საშინაო შეხვედრის მოგება კრიზისის დაძლევას ჯერ კიდევ არ ნიშნავს, მაგრამ გუნდმა რომ ამოისუნთქა და მომავლის იმედი ჩაისახა – ფაქტია. გარდა ამისა, მიჩუმდნენ ის ადამიანები, რომლებიც სლოტის მოხსნას ითხოვდნენ, გეგონება სულ რაღაც ექვსი თვის წინ მას ტაშს არ უკრავდნენ მას იმის გამო, რომ „ლივერპული’’  ჩემპიონი გახადა. თან, გასული სეზონი ნიდერლანდელისთვის თანამდებობაზე პირველი იყო. „ლივერპულმა’’ მისი ხელმძღვანელობით სარეკორდო მეოცე ტიტული მოიპოვა.

გასულ შაბათს „ასტონ ვილასთან’’ 2:0 მოგების წინ ლეგენდარული რუდ გულიტი თანამემამულის შესახებ ასე ამბობდა: „ახლა მან ხელფასი უნდა გაამართლოს. დგება მომენტი, როდესაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოიფიქრო და გუნდი სწორ კალაპოტში დააბრუნო. ამას კი გარკვეული დრო სჭირდება. მეტოქეებს „ლივერპულის’’ აღარ ეშინიათ. ძველი აურა გაქრა და მის დაბრუნებას დრო უნდა’’.

სამშაბათს „ლივერპული’’ გახდა მეორე გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში „რეალი’’ შეაჩერა და სავარაუდოდ კვლავ საშიშია. მერსისაიდელების სიძლიერის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი ის არის, რომ ამავე სეზონში მხოლოდ მან შეძლო პრემიერლიგის ლიდერის „არსენალის’’ დამარცხება. ახლა საჭიროა შედეგიანმა თამაშმა რეგულარული სახე მიიღოს.

„ლივერპულ ექოს’’ აზრით მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ბოლო ორ შეხვედრაში „ლივერპულმა’’ არ დაუშვა ის შეცდომები, რომლებიც წინა ექვსი კვირის განმავლობაში გვხვდებოდა თვალში: სტანდარტული მდგომარეობებისა და სწრაფი კონტრშეტევების დროს შეცდომები დაცვაში.

მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც, რომ სლოტმა ბოლო ორ შეხვედრაში კვლავ გასულ სეზონში წარმატებით გამოცდილი ნახევარდაცვა ათამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში კლუბმა ახალი ფეხბურთელები იყიდა და ჯამში დაახლოებით 450 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა, ყველა ცვლილება მხოლოდ აუცილებლობით იყო განპირობებული. სხვა სიტყვებით, შემადგენლობაში არავის უთამაშია იმიტომ, რომ მასში ბევრი ფულია გადახდილი და ხარჯს გამართლება სჭირდება. „ასტონ ვილასთან’’ გიორგი მამარდაშვილი კარს ტრავმირებული ალისონ ბეკერის ნაცვლად იცავდა და მთავარი თავდამსხმელის როლს უგო ეკიტიკე ასრულებდა, ეს იყო და ეს.

„ლივერპულთან’’ სასტარტო შემადგენლობას დაემატა 116 მილიონ გირვანქად ნაყიდი ფლორიან ვირცი, მაგრამ ის მარცხენა ფრთაზე ათამაშეს, სადაც თერთმეტეულში მოხვედრის მეტი შანსი აქვს. მართალია, ვირცს ცენტრალური ნახევარმცველობის პრეტენზია აქვს, მაგრამ იქ დომენიკ სობოსლაია, რომელთანაც კონკურენცია ძნელია.

რთული გამოცდების მესამე ეტაპი კვირას „მანჩესტერ სიტისთან’’ შეხვედრით დასრულდება. „სიტი’’ მეორე ადგილზეა. მან შინ ზედიზედ 6 შეხვედრა მოიგო. ბოლოს „დორტმუნდი’’ გაანადგურა: 4:1.

გასულ სეზონში „წითლებმა’’ „ქალაქელებს’’ ორჯერ მოუგეს. თუ შეხვედრა ამჯერადაც მერსისაიდელების გამარჯვებით დასრულდება, სლოტი ტაქტიკურ ანალიზს შემოგვთავაზებს და ყველა კმაყოფილი მოუსმენს, თუ არა და ყველამ ვიცით რასაც უნდა ველოდოთ – იტყვიან, თავს იმართლებსო.