შაბათს, 8 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტებს შეუდგება: 16 საათზე, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ დაიწყება მატჩი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან და ეს იქნება ამ გუნდების მე-8 შეხვედრა. ქართველებს მინიმალური უპირატესობა აქვთ – 4 მოგება 3 მარცხის წილ. რიჩარდ კოკერილის ამჟამინდელ რაზმს სავსებით ხელეწიფება ამ უპირატესობის გაზრდა. ჯერ ერთი, საქართველო „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-11 საფეხურზეა, აშშ – მე-15, თანაც ქულებს შორის სხვაობა 7-ზე მეტს შეადგენს, რაც რაგბის საზომებით დონეთა შორის ხარისხობრივ განსხვავებას ნიშნავს.

ასეა თუ ისე, ეს მატჩი მეტად საპასუხისმგებლოა საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან სარეიტინგო ამბები დღესდღეობით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2027 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრის წინ. ბორჯღალოსნებს არათუ უბრალოდ მოგება მართებთ, არამედ მაქსიმალურად დიდი სხვაობით, რაც ამერიკელებთან იოლი არასდროს ყოფილა. ცნობისთვის, ყველაზე დიდი სხვაობით საქართველომ აშშ შარშანწინ დაამარცხა – 22:7, რაც ზემოთქმულის ალბათ საუკეთესო ილუსტრაციაა.

რიჩარდ კოკერილმა სასტარტო  შემადგენლობაში „შავი ლომის“ ბურჯი დავით აბდუშელიშვილი შეიყვანა, რომელსაც ბათუმში სანაკრებო დებიუტი ექნება. ამ მოთამაშეს დებიუტი გაცილებით ადრე უნდა ჰქონოდა, მაგრამ უიღბლობის გამო ეს ამბავი წლებზე გაიწელა. აი, ბექა საღინაძეს კი საიუბილეო მატჩი ექნება – „ლიონის“ მესამეხაზელი ამერიკელებთან თამაშით 50-ე კეპს მოიხვეჭს. ყველაზე მეტი კეპი კი ვასილ ლობჟანიძეს აქვს, რომელიც ბათუმში 97-ედ მოირგებს ბორჯღალიან კვართს. ერთი მოულოდნელობაცაა – 11 ნომრად, ანუ გარემარბის პოზიციაზე გიორგი შველიძე ითამაშებს, რომელიც ზოგადად შუამარბია.

ჰო, და კიდევ ისაა საინტერესო, რომ ბექა გორგაძე, როგორც იქნა, ჯანმრთელად უერთდება ნაკრებს და სეხნია საღინაძისგან ბორჯღალოსანთა კაპიტნის სამკლავურსაც დაიბრუნებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აშშ-ის ნაკრებთან ტესტ-მატჩში

  1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი, 0 კეპი, 0 ქულა), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი, 7, 5), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 45, 20), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 20, 25), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (მონ-დე-მარსანი, 27, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 25, 20), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 49, 20), 8. ბექა გორგაძე (კაპიტანი, პო, 50, 60), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 96, 98), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 56, 351), 11. გიორგი შველიძე (ბრივი, 3, 0), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 16, 15), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 70, 50), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 53, 250), 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, 43, 109).

მარქაფა 16. ვანო კარკაძე (ოიონაქსი, 25, 50), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი, 14, 0), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 14, 15), 19. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი, 1, 0) 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 16, 20), 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 60, 50,), 22. ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 30, 203), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 44, 20).