შეიძლება იყოს ფეხბურთი, ამერიკული ფეხბურთი და ტექსტი გამოსახულებაუიღბლო გამოდგა გასული კვირა დღე ლამინ იამალისთვის. მისმა „ბარსელონამ’’ კლასიკოში „რეალისგან’’ 1:2 იწვნია, თავად მოედანზე ბევრი ვერაფერი მოახერხა (რაც მნიშვნელოვანწილად ალვარო კარერასის დამსახურება იყო) და პლუს, შეხვედრის შემდეგ ხმაურის მიზეზი გახდა. მადრიდელებმა გადაწყვიტეს მისთვის პასუხი გაეცათ მატჩისწინა გამონათქვამის გამო, „რეალი’’ სულ ქურდობს და მერე ჩივისო.

„ლოს ბლანკოსის’’ ვეტერანმა მცველმა დანი კარვახალმა ნაკრებში თავის 18 წლის თანაგუნდელს ანიშნა, რომ ის ბევრს ლაპარაკობდა. კაპიტანი ევრო 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელთან შეხვედრას და ლაპარაკს გეგმავდა. ისინი ორ კვირაში ეროვნული გუნდის შეკრებაზე უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს – ესპანელებს 15 ნოემბერს თბილისში, 18 ნოემბერს კი შინ თურქეთთან აქვთ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევში სათამაშო – მაგრამ კარვახალს ართროსკოპია (ართროსკოპით ანუ თხელი მილით და სანათით ექიმი შიგნიდან ათვალიერებს სახსარს) უნდა ჩაუტარდეს და შემდეგ ორი-სამი თვით დასვენება მოუწევს. ეს ნაკრებში დაძაბულობას შეამცირებს, რადგან ცნობილი გახდა, რომ იამალმა და კარვახალმა ინსტაგრამზე ერთმანეთის გამოწერა გააუქმეს.

Cadena Ser-მა თქვა, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას კონფლიქტის შედეგების მაინც არ ეშინია. მას მიაჩნია, რომ დაძაბულობა ესპანეთის ნაკრებში ურთიერთობებს არ არევს. თუმცა, არის მოსაზრება, რომ სჯობს იამალს ავტორიტეტულმა ადამიანებმა მაინც აუხსნან რასაც ის ვერ ხვდება. მოგეხსენებათ, ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. „ლა როხა’’ მისი ერთ-ერთი ფავორიტია და გუნდის დასუსტება იმის გამო, რომ 18 წლის ვარსკვლავი დაუფიქრებელ ინტერვიუებს არიგებს, არ ღირს.  თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ესპანეთის ნაკრებს „რეალისა’’ და „ბარსელონას’’ ქიშპობის გამო მარადიული პრობლემა აქვს და რაც ეს გუნდი არსებობს, მის ხელმძღვანელებს ბალანსი აქვთ საძებნელი.