Victor Osimhen of Galatasaray faces off with Emirhan Topcu of Besiktas during Turkish Super Lig week 8 football match between Galatasaray and...ორშაბათს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუმ შიდა გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. ნათქვამმა მთელი ქვეყანა დაზაფრა. გაირკვა, რომ აკრძალვის მიუხედავად ასობით მსაჯი ჩასულა ფსონს და ტოტალიზატორში რეგულარულად თამაშობს ან ერთი-ორჯერ მაინც უცდია ბედი.

571 თერთმეტი მსაჯიდან 371-ს აქვს ტოტალიზატორის აპლიკაცია ან საიტი და მათგან 152 აქტიურად არის ჩაბმული. ჩამოთვლილთაგან ოცდაორი არბიტრი უმაღლესი რანგის შეხვედრებს ემსახურება ან მომსახურებია.

გამოძიების შედეგებმა სულაც არ გააკვირვა ჟურნალისტი ალფ ულაგაი. ლონდონში გადაბარგებულმა მიმომხილველმა განმარტა: „ეს ამბავი თურქეთში დიდად არავის გაკვირვებია, რადგან მსაჯების გარშემო სულ იყო მითქმა-მოთქმა. თემა ძალიან სენსიტიურია. ბოლო ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ანუ მას მერე, რაც ონლაინ ტოტალიზატორებმა ძალიან გაიდგეს ფესვები, სულ ამაზეა ლაპარაკი. თურქ სპორტსმენებს ყოველთვის ჰქონდათ ეჭვი, რომ მსაჯები აზარტულ თამაშებში იყვნენ ჩართულები და კითხულობდნენ, ნეტავ ფსონებს იმ თამაშებზე ხომ არ ჩადიან, რომელთაც თვითონ ემსახურებიანო’’.

თურქეთის სამმა უდიდესმა კლუბმა „გალათასარაიმ’’, „ფენერბაჰჩემ’’ და „ბეშიქთაშმა’’ ფეხბურთის ფედერაციას კონკრეტული გვარების დასახელება მოსთხოვა. 2022 წლის ჩემპიონმა „ტრაბზონსფორმა’’ კი თქვა, რომ ახლა თურქული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბნელი დრო დგას.

ალფ ულაგაი: „დღეს ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. როგორ გინდა გულშემატკივრებს მსაჯების ნდობა აღუდგინო’’?

ჟურნალისტი ამბობს, რომ დღეს თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი მდგომარეობას ვერ აკონტროლებენ და მართალია ძალიან იქადნებიან, არაფრის შემცვლელები არ არიან.

„თურქეთში ფეხბურთს წამყვანი კლუბები აკონტროლებენ, რომლებიც ირჩევენ ფედერაციის პრეზიდენტსაც და დირექტორთა საბჭოსაც’’, ― თქვა ულაგაიმ.

სანქციებზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა. ერთადერთი, ცნობილია, რომ ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ოსმან ასქინ ბექი შეხვდა იუსტიციის მინისტრ  ილმაზ თუნჩს. რა ილაპარაკეს არავინ იცის. სავარაუდოდ, ახალი ძალით წამოწევენ უკვე მრავალჯერ განხილულ იდეას, რომლის თანახმადაც ჯობს თურქეთის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩებს სჯობს უცხოელი არბიტრები მოემსახურონ.