Nuno Mendes sait tout ce que Luis Enrique a apporté à son jeu. LP / Fred Dugit „არ მიყვარს იმის თქმა, რომ საუკეთესო ვარ. ეს მოედანზე უნდა დაამტკიცო და მეც სწორედ ამას ვცდილობ’’, ― თქვა ნუნუ მენდეშმა, რომელიც „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შემდეგ ძალიან შეიცვალა. ის საფრანგეთის დედაქალაქში პირველად 2021 წელს იჯარის წესით ჩავიდა და დარჩა, ამასობაში კი პარიზული გუნდის მწვრთნელად ლუის ენრიკე დანიშნეს, რომელმაც პორტუგალიელს მსოფლმხედველობა შეუტრიალა.

„თავიდან დაცვაში ძლიერად ვერ ვთამაშობდი, მაგრამ ვიცოდი ჩქარა როგორ უნდა შემეტია ― თქვა AFP-თან ინტერვიუში 23 წლის ვარსკვლავმა, ― ლუის ენრიკემ ეს შეამჩნია და დაცვითი უნარების განვითარებაში შემიწყო ხელი. დღეს ორივე ასპექტში ძლიერი ვარ. ვცდილობ შეტევას დავეხმარო და იშვიათად დავისვენო, მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია. მწვრთნელმა დიდებული საქმე გამიკეთა და მისი მადლიერი ვარ. თან, მარტო მე არ ვარ ასეთი’’.

ნუნუ მენდეში ამბობს, რომ ახლა ის უნივერსალური ფეხბურთელია.

„უნივერსალურობა არის ის, რაც ლუის ენრიკემ თითოეულ ჩვენგანს შესძინა და ეს ახალი თვისება კარიერის ბოლომდე გაგვყვება. ის წავა გუნდიდან თუ ჩვენ სულ ერთია, უკვე უნივერსალურებად დავრჩებით’’.

მეორე მხრივ, პორტუგალიელი, რომელიც 2025 წლის „ოქროს ბურთის’’ გამოკითხვაში მეათე იყო ამბობს, რომ მის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში წვლილი მხოლოდ ლუის ენრიკეს არ მიუძღვის.

„ძალიან დამეხმარა საკუთარი თავის რწმენაც. თუმცა, მეტოქე გუნდის თავდამსხმელებთან ერთი-ერთზე თამაში მიჭირდა, რადგან მარტო შეტევაზე ვფიქრობდი. სწორედ მაშინ მითხრა ლუის ენრიკემ: თუკი თავს უკეთ დაიცავ, მე შენ შეტევაში თავისუფლებას მოგცემ’’.

დღეს „პარი სენ ჟერმენის’’ ფლანგებზე საუცხოო ფეხბურთელები, აშრაჰ ჰაკიმი და ნუნუ მენდეში თამაშობენ.

„ეს შედარება ძალიან მახარებს. მე და აშრაფს კარგი პერიოდი გვაქვს. ფეხბურთი გუნდური თამაშია. მთელი გუნდიც კარგ ფორმაშია’’, ― თქვა „სპორტინგის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა.