დავით ნინიაშვილმა სეზონში მე-3 ლელო გაიტანა, თანაც ეს თავის ყოფილ კლუბთან – „ლიონთან“ შეხვედრაში მოახერხა. პრო დ2-ში ერთადერთი ქართული ლელოს ავტორი კი გამოცდილი ბურჯი ომარ ოდიშვილი გახლდათ, რომელმაც პროფესიულ კარიერაში სულაც პირველი ლელო იზეიმა. და კიდევ თედო – აბჟანდაძემ კვლავ იჩუბინა, თავის „ორიაკს“ 13 ქულა შესძინა, თუმცა განადგურებისგან ვერ იხსნა.

ტოპ 14

ნინიაშვილის ამჟამინდელი კლუბი ძველს სტუმრობდა და ქართველ უკანახაზელს „ლიონის“ წინააღმდეგ თამაშმა პირველად მოუწია. ამიტომაც იყო, რომ როცა „ნინიმ“ მე-19 წუთზე „ლა როშელის“ უბრწყინვალესი პოზიციური და ამავდროულად ენერგიული შეტევა დააგვირგვინა, ხელები ბოდიშის ნიშნად აღმართა – აქაოდა, „ლიონთან“ დადებულ ლელოს არ ვზეიმობო.

ეს იყო ნინიაშვილის მე-3 ლელო სეზონის მე-6 მატჩში, სულ კი მას ტოპ 14-ში 67 მატჩში 24 ლელო დაუგროვდა, რაც, ცხადია, საუკეთესო მაჩვენებელია მოქმედ ქართველ მორაგბეთა შორის. აქვე ვთქვათ, რომ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ირაკლი აფციაურმა „ლიონის“ შემადგენლობაში 25-ე მატჩი ჩაატარა.

ცხრილის სათავეში კი საფრანგეთის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია – მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ და „სტად ფრანსე“. პირველმა „ტულონს“ შინ ბონუსით მოუგო – 59:26, ხოლო პარიზელებმა თავის წილი ბონუსი „მონპელიესთან“ შეხვედრაში მოინადირეს – 35:12. დედაქალაქელთა სასტარტოში გიორგი მელიქიძე იყო, ხოლო სტუმართა შორის მატჩი ლუკა ჯაფარიძემ დაიწყო.

მე-5 საფეხურზე მეორე პარიზული კლუბია. გურამ გოგიჩაშვილმა და გია ხარაიშვილმა „რასინგ-92“-ის შემადგენლობაში პირველიდან 46-ე წუთამდე ითამაშეს, ხოლო მათმა გუნდმა ყოფილ ლიდერ „პოს“ 15:10 მოუგო და სანუგეშო ბონუსიც გაატანა.

ბოლო ადგილზე კვლავაც უქულო „პერპინიანია“ ხოლო ბოლოსწინა – „მონტობანი“, რომელსაც 7 ქულა აქვს.

პრო დ2

„ვალანს რომანმა“ „აჟენს“ დიდი ანგარიშით მოუგო – 56:17. წაგებულთა შორის ომარ ოდიშვილმა ერთ-ერთი ლელო გაიტანა – 32-ე წუთზე შემტევი რაქიდან ბურთი აიღო და საკმაო მანძილი დაუბრკოლებლად ირბინა. ეს იყო ომარის პირველი ლელო უკვე ხანგრძლივ პროფესიულ კარიერაში. „აჟენს“ 23 ქულა დარჩა, გუნდი მე-5 საფეხურზე დაეშვა.

მეოთხეზე კი „ნევერია“, რომელმაც „ორიაკი“ 62:28 გაანადგურა და ცხადია, პრემიალური ქულაც მიიღო. სტუმრებს შორის თავი თედო აბჟანდაძემ გამოიჩინა, რომელმაც სამი ჯარიმა და 2 გარდასახვა გაიტანა. მისმა სეზონურმა ანგარიშმა 26 ქულას მიაღწია, პრო დ2-ში კი მისი ჯამური მონაგარი 38 მატჩში 241 ქულას შეადგენს.

ლიდერი მიშიკო ალანიას „ვანია“, რომელმაც „კოლომიეს“ სტუმრად 22:17 მოუგო და 30 ქულა დააგროვა.

პრემიერშიპი

ინგლისში ბაჩუკი ჭუმბაძემ მორიგი მატჩი ჩაატარა, მისმა „ექსეტერმა“ კი „გლოსტერს“ 39:12 სძლია და სატურნირო ცხრილში 19 ქულით მესამე საფეხურზე დაფუძნდა. ბაჩუკიმ კი ბოლო 17 წუთი ითამაშა.