„ლივერპულის’’ კაპიტანმა პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან’’ 1:2 დამარცხების შემდეგ მოიწვია კრება, რომელსაც მწვრთნელი არნე სლოტი არ დასწრებია. „სანი’’ წერს, რომ ვან დაიკის აზრით რამდენიმე დღის შემდეგ, ოთხშაბათს ფრანკფურტში 5:1 გამარჯვება დიდწილად სწორედ ამ კრების შედეგი იყო.
34 წლის ჰოლანდიელმა თქვა: „ჩემ მიერ მოწვეულ კრებამდე ფეხბურთელები ნირწამხდარები იყვნენ, შემდეგ კი აღარ. ორშაბათს „იუნაიტედთან’’ შინ დამარცხების გამო ყველა დამწუხრებული იყო. რაც მე „ლივერპულის’’ ფეხბურთელი ვარ შინ ბევრჯერ არ წაგვიგია. ერთი სიტყვით, ორშაბათს შევიკრიბეთ, მაგრამ ეს კრიზისის საწინააღმდეგო თათბირი არ იყო, რადგან ჯერ მხოლოდ ოქტომბერია.
იმ მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელშიც აღმოვჩნდით მხოლოდ თანადგომით, მიზნის დასახვით, საკუთარი თავის რწმენით, მომენტის შეგრძნებით შეიძლება. რასაკვირველია, ამ ყველაფრის თქმა უფრო ადვილია ვიდრე გაკეთება. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მუდამ დიდი ხმაურია. სადაც ყველა რაღაცას ამბობს. სადაც მუდმივად გამოჩნდება ვიღაც, ვინც შენზე უკეთ იცის ყველაფერი. ამიტომ, საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
„მანჩესტერ იუნაიტედთან’’ შეხვედრა მწვრთნელთან ერთადაც გავარჩიეთ, მაგრამ მეც მინდოდა ჩემი სათქმელი მეთქვა. ასე ყოველი თამაშის შემდეგ არ ვიქცევი. ამიერიდან წარმატებით სვლა უნდა განვაგრძოთ’’.





