ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა, უფრო ზუსტად „დილამ“ წინა ტურში დაკარგული პირველობა დაიბრუნა. გორელებმა ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს „გაგრას.“ თან ხუთივე მეორე ტაიმში. დუბლი მიითვალეს კონგოელმა დეო ბასინგამ და ისრაელელმა აბდალა ხლაიხალმა.

ამ ტურში კიდევ ორი ორგოლა შესრულდა: გარეჯელმა ნიკოლოზ გალახვარიძემ „ბათუმთან“ იყოჩაღა, სამგურალელმა გიორგი ფანცულაიამ – „დინამოსთან.“ სხვათა შორის, ეს ფანცულაიას მეოთხე დუბლია მიმდინარე სეზონში. ახლა გიორგის 14 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
„სამგურალი“ ვახსენეთ და წყალტუბოელებმა ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვეს, 35 ქულა მოაგროვეს და საკმაოდ დაშორდნენ პლეი-აუტის ზონას. „დინამომ“ კი მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და მესამე ადგილისთვის „ტორპედოსთან“ კონკურენცია გაირთულა.
ქუთაისელებმა შინ ლიდერ „იბერიას“ 3:1 აჯობეს. პირველი ბურთი მასპინძელთაგან 19 წლის ალეკო ბასილაძემ ქუსლით გაიტანა ბიორნ იონსენის გადაცემით. ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა.
ახლა „იბერიას“ 59 ქულა მოუგროვდა და მეორე ადგილზეა. 62 ქულით კი „დილა“ ლიდერობს.
საინტერესო ამბები მოხდა ცხრილის ქვედა ნაწილშიც. „თელავმა“ სტუმრად „ექვსქულიანი“ მატჩი მოუგო „კოლხეთს“ ესპანელი ინიგო მარტინის ერთადერთი გოლით. „გარეჯმა“ კი 10-კაციან „ბათუმი“ 4:1 დაამარცხა. ბათუმელები მეორე ტაიმის დასაწყისში კაცნაკლულები დარჩნენ. მათმა მეკარემ, მათე თურმანიძემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და გააძევეს. კარში ადგილი 19 წლის საბა ისმაილოვმა დაიკავა და ზღვისპირელებმა ერთი წუთის ინტერვალში ორი ბურთი გაუშვეს (გალახვარიძის დუბლი ზემოთ ვახსენეთ). ეს უკვე სერიოზული უპირატება გახლდათ. ეს „გარეჯის“ ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.
ბათუმელებზე კი რა შეიძლება ითქვას, ფინანსური კრიზისი აშკარაა. ამას ცარიელი ტრიბუნებიც მოწმობს, სადაც აქა-იქ თუ მოჰკრავდით თვალს ადამიანებს. არადა, ცოტა ხნის წინათ იქაურობა დუღდა. საწყენია…
დილა 5:0 გაგრა
1:0, 2:0 ბასინგა (49, 70), 3:0 ხლაიხალი (76), 4:0 ანდრონიკაშვილი (86), 5:0 ხლაიხალი (89)
ტორპედო 3:1 იბერია
1:0 ბასილაძე (19), 2:0 ვარლეი (32), 2:1 ქარდავა (41), 3:1 პირესი (90+1)
კოლხეთი 0:1 თელავი
0:1 მარტინი (72 პენ)
სამგურალი 2:1 დინამო
1:0, 2:0 ფანცულაია (13, 45+3), 2:1 გომისი (56)
ბათუმი 1:4 გარეჯი
0:1, 0:2 გალახვარიძე (51, 52), 1:2 კოხრეიძე (62), 1:3 სხირტლაძე (69), 1:4 კუხიანიძე (90+4 პენ)
გაძევება: თურმანიძე (49) – ბათუმი