ოთხშაბათამდე „ლივერპულს’’ ზედიზედ ოთხი თამაში ჰქონდა წაგებული, მაგრამ ფრანკფურტში 5:1 გაიმარჯვა და წარუმატებელ სვლას წერტილი დაუსვა. მერსისაიდელები რასმუს კრისტენსენის გოლის შემდეგ ჩამორჩნენ, შემდეგ კი ძალა მოიკრიბეს და შესვენებაზე უგო ეკიტიკეს, ვირჯილ ვან დაიკისა და იბრაჰიმა კონატეს გოლების წყალობით გვარიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში სტუმრებმა მონაგარს კოდი გაკპოსა და დომინიკ სობოსლაის ორი შედეგიანი დარტყმაც მიამატეს.
ჩემპიონთა ლიგის სამი ტურის შემდეგ არნე სლოტის გუნდს 6 ქულა აქვს და „ნიუკასლის’’, „ბარსელონას’’, „ჩელსის’’, „სპორტინგის’’, „ყარაბახის’’ და „გალათასარაის’’ ტოლადაა. 8 გატანილი და 4 გაშვებული გოლის გამო მას მე-10 პოზიცია უკავია.
ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს, როგორ ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა. Liverpoolecho-მ მას 6 ქულა დაუწერა და თავისი გადაწყვეტილება მარტივად ახსნა: „ჟან-მატეო ბაოიას დარტყმულს შეხვედრის დასაწყისში ძლიერი ხელი დაახვედრა, „ფრანკფურტის’’ გოლის დროს მოგერიების შანსი არ ჰქონდა, მეორე ტაიმში კი უსაქმოდ იყო’’.
6 ქულა დაუწერა მამარდაშვილს საკუთრივ „ლივერპულის’’ საიტმაც, რომელმაც დაწერა: „წითლების შემადგენლობაში თავისი პირველი ჩემპიონთალიგური შეხვედრა სოლიდურად დაიწყო, ჟან-მატეო ბაოიას დარტყმული მოიგერია, სხვა საქმე კი აღარ ჰქონია’’.
რაც შეეხება სამ საიტს, რომლებიც ფეხბურთელებს სტატისკის მიხედვით აფასებენ, მათ ასეთი ქულები დაწერეს: flashscores – 6.5 (სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელთაგან ალექსანდერ ისაკის შემდეგ ყველაზე დაბალი შეფასება), whoscored – 6.1 (სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელთაგან ყველაზე დაბალი შეფასება) და sofascore – 6.5 (სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელთაგან ალექსანდერ ისაკის შემდეგ ყველაზე დაბალი შეფასება).
მატჩის შემდეგ ლივერპულელთა მწვრთნელმა არნე სლოტმა ნაადრევად შეცვლილ ფეხბურთელებზე გაამახვილა ყურადღება: „ისაკი შესვენებისას იმიტომ შევცვალე, რომ საზარდული გაუმიზეზდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის. ხალხი მის უფრო ხშირად გამოყვანას მთხოვდა. მინდოდა ბალანსი ეპოვა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ეს არ გამოვიდა. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში გამოვა.
დღეს ის და უგო ეკიტიკე ვათამაშე, ორი ფეხბურთელი რომელთაც გოლები გააქვთ. ალექსს რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, მაგრამ შესვენებაზე მოედნის დატოვება მოუწია. როდესაც ისაკი ჩვენთან მოვიდა, ფაქტობრივად ვერ ვარჯიშობდა. ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ გვიწევს ფორმის აღდგენა და ერთ მშვენიერ დღესაც დადგება დრო, როდესაც კვირაში ორ თამაშს გაუძლებს’’.
სლოტმა პირველ ტაიმში დაშავებულ ჯერემი ფრიმპონგზეც გაამახვილა ყურადღება.
„ცუდია, რომ დაშავებულებს ალისონსა და ჯოვანი ლეონის ახლა ფრიმპონგი დაემატა. ვფიქრობ რამდენიმე ტურის გაცდენა მოუწევს. მან მუხლის ზუსტად ეს ტრავმა ორიოდ კვირის წინ მოიშუშა, მაგრამ, როგორც ხედავთ, კვლავ მოედნის დატოვება მოუხდა.
ხალხი ხშირად კითხულობს, რატომ გვყავს ძირითადი შემადგენლობის 25-30 მოთამაშე, როდესაც ფეხბურთი თერთმეტი თერთმეტზეა. იმიტომ, რომ ხშირია ტრავმები და ვარჯიშებზე მუდამ 21-წლამდელების გუნდიდან გვიწევს ხალხის დამატება’’.





