Dominik SZOBOSZLAI of Liverpool Scores goal during the UEFA Champions League 2025/2026 match between Frankfurt and Liverpool at Deutsche Bank Park on...„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სტუმრად დაამარცხა „ფრანკფურტი’’ – 5:1. ინგლისური პრესის აზრით ეს იყო „წითლების’’ საუკეთესო შეხვედრა მიმდინარე სეზონში. ჩამორჩენის მიუხედავად სტუმრებმა პირველ ტაიმში, ათწუთიან მონაკვეთში სამი გოლის გატანა მოახერხეს, რასაც შესვენების შემდეგ კიდევ ორი მიაყოლეს. მედია ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ მერსისაიდელთა გუნდში როგორც იქნა ვარსკვლავურად ათამაშდა ფლორიან ვირცი, რომელმაც ორი საგოლე პასი შეასრულა, მაგრამ იყო ერთი ფეხბურთელი, რომელმაც გამორჩეული, უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშა. ლაპარაკია 24 წლის უნგრელ დომინიკ სობოსლაიზე, რომელმაც თავის შოუს გვირგვინად 70-ე წუთზე გატანილი გოლი დაასვა.

მატჩის დამთავრების შემდეგ ცნობილმა ჟურნალისტმა ბენცე ბოჩაკმა X პლატფორმაზე აღფრთოვანებით დაწერა: „ეს იყო აბსოლუტური შედევრი. ის ნახევარდაცვაში ბატონობდა. რა ფეხბურთელია!’’.

გოლის გარდა უნგრელმა უნივერსალმა „ფრანკფურტთან’’ შეხვედრაში ერთი საგოლე პასიც მიითვალა ― იბრაჰიმა კონატემ კუთხურიდან თავით კარში სწორედ მისი ჩაწოდებული ბურთი შეაგდო. თუმცა, სობოსლაის კარგი თამაში მხოლოდ ეგრეთწოდებული საგოლე მოქმედებებით არ შემოიფარგლებოდა. Sofascore-მა დათვალა, რომ ნახევარმცველმა ამ შეხვედრაში 110 პასი შეასრულა და აქედან 105 სწორად გადააწოდა. გარდა ამისა, მან ყველა საჰარო დუელი მოიგო და ორივე წამოწყებული დრიბლინგი წარმატებით შეასრულა. სობოსლაის ანგარიშზეა სამი საგოლე მომენტი და ხუთი საკვანძო პასი (რომლის მერეც თანაგუნდელმა კარში დაარტყა).

ზემოთ სობოსლაის უნივერსალობა ვახსენეთ. „ლივერპულის’’ 8 ნომერი ამ სეზონში რამდენჯერმე მარჯვენა მცველად ათამაშეს. მართალია, ამ პოზიციაზე მას თამაში ისე კარგად არ გამოუვიდა როგორც ნახევარდაცვაში, მაგრამ ფრანკფურტში დაამტკიცა, რომ როდესაც მისთვის ორგანულ პოზიციაზე ათამაშებენ, დიდებულია.

უნგრეთის ნაკრების ვარსკვლავი შაბათს 25 წლის ხდება და დაბადების დღეს „ბრენტფორდთან’’ შეხვედრაში მოედანზე აღნიშნავს.